ფრედერიკა მოგერინი მოუთმენლად ელოდება საბჭოსა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რათა ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცეს
საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტიკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დასრულებას ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება. მე პროცესის დაწყებისთანავე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით სასიამოვნო ფაქტი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიუსელში განხორციელებულ პირველ ვიზიტს.
"ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ ეს სიმბოლური და მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე ჟესტი - კერძოდ ის ფაქტი, რომ მთავრობის ფორმირების შემდეგ სწორედ ბრიუსელი შეირჩა თქვენი პირველი ვიზიტის ადგილად, ნამდვილად მიუთითებს თქვენს დამოკიდებულებაზე და მერწმუნეთ, ჩვენც ვიზიარებთ ამ სერიოზულ დამოკიდებულებასა და თავდადებას ჩვენი პარტნიორობის, მეგობრობისა და ერთობლივი სამუშაოს მიმართ. ჩვენი ურთიერთობა ძლიერია, ხოლო პარტნიორობა - შესანიშნავი”, -აღნიშნა ევროკომისარმა.
მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ხუთი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კი მიღწეულ იქნა უზარმაზარი პროგრესი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროებსა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით.
“ნათელია, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთიან ღირებულებებს, გვამოძრავებს ერთიანი დღის წესრიგი და ინტერესები, ისევე, როგორც ვალდებულებები, რომელთა მიზანი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაა მომავალში. ორივე მხარე ერთნაირადაა მოწადინებული, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას," - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
"პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირსა და საქართველოში თანაბრად შეინიშნება. ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა ევროკავშირის მოსახლეობისა და ქართველი ხალხისათვის. მინდა მივულოცო ჩვენ ყველას ეს მიღწევა - ეს მხოლოდ დასაწყისია - დროთა განმავლობაში ჩვენი ხალხისა და ბიზნესისათვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის შემდეგ შესაძლებლობას, რათა ეს პროგრესი კიდევ უფრო წინ წავიდეს," - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.