Hilton-ს სასტუმროს მოდერნიზაციაში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება
საერთაშორისო სასტუმროების ქსელმა Hilton Hotels & Resorts-მა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე პრემიუმ-კლასის სასტუმროს მართვის ხელშეკრულება კომპანია „გრანატ ჰოლდინგთან“ ოფიციალურად გააფორმა.
როგორც Hilton-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 206- ნომრიანი სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება და მის რეკონსტრუქციაში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა ბრიტანეთში რეგისტრირებულმა კომპანია „გრანატ ჰოლდინგმა“ 2015 წელს 7 მილიონ დოლარად შეისყიდა.
"ეს არის სასტუმროსთან დაკავშირებული ჩვენი პირველი დეველოპერული პროექტი და ვამაყობთ, რომ სწორედ „ჰილტონია“ ჩვენი პარტნიორი. აღსანიშნავია, რომ დიზაინის მიხედვით, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საბჭოთა დროის შენობის ფასადის რეკონსტრუქცია მოხდება და პირველადი სახე შეუნარჩუნდება. მხოლოდ დაემატება შუშის დაშენება, სადაც განთავსდება Hilton-ის ბარი და სპა -ცენტრი", - განაცხადა „გრანატის“ აღმასრულებელმა ოფიცერმა, ელგუჯა ცინცაძემ.
მისი თქმით, თბილისის მაცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ Hilton-ის რესტორნით, ლობი ბარითა და ქუჩის კაფეთი. სასტუმროში ასევე გათვალისწინებულია 1000 კვ.მეტრი ფართობის საკონფერენციო და წვეულებების დარბაზი.
„Hilton-ის სასტუმროები ევროპის ქვეყნების 30 დედაქალაქშია განთავსებული და დღეს ამ წარმომადგენლობით სიას თბილისიც შეუერთდა. Hilton-ის რეგიონალური სტრატეგიაა, გააფართოოს თავისი ქსელი აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში. თბილისის მრავალფეროვანი ეკონომიკა, მდგრადი საერთაშორისო ინფრასტუქტურული ინვესტიციები და ტურისტებისთვის გათვალისწინებული ყოველწლიური ღონისძიებების დატვირთული განრიგი, საქართველოს დედაქალაქს ჩვენი ბიზნესისთვის მომხიბვლელს ხდის", - განაცხადა „ჰილტონის“ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ვიცე პრეზიდენტმა, პატრის ფიცგინონმა.
Hilton Hotels & Resorts ამჟამად 18 ახალი ფილიალის განვითარებაზე მუშაობს. 2015 წელს ამ ქსელს ბათუმიც შეუერთდა. საგულისხმოა, რომ თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უკვე მიმდინარეობს Hilton Garden Inn- ის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება.