ქართული ატამი ევროკავშირის ბაზარზე გავა
ფერმერი თელავიდან გიორგი გოგიაშვილი 2017 წელს ბალტიისპირეთში საკუთარი ატმის გატანას აპირებს. გიორგის 6 წელია, ატამი და ნექტარინი (ვაშლატამა) მოჰყავს საშუალოდ 400 ტონის ოდენობით. მისი ატამი უპრობლემოდ იყიდება უკრაინასა და რუსეთში. ამჟამად კი მოლაპარაკებებს აწარმოებს შუამავალთან, რათა მისი ატამი ლატვიაში გაიყიდოს.
"ქართული ბაზარი ძალიან არასტაბილურია, ასევე არ არის გადამამუშავებელი საწარმოები სადაც ჩავაბარებ მეორადი ხარისხის ნაყოფს. მცირედ დაზიანებული ნაყოფი ბაზარზე იყიდება, მაგრამ ეს ხარისხს და ფასს უკარგავს კარგ ნაყოფსაც, შესაძლოა გადასაყრელიც კი გახდეს დროულად თუ არ მოხდა რეალიზაცია. ასევე, ქართული აგროსასურსათო ბაზრები გაუმართავია, რაც პროდუქტის ნორმალურ რეალიზაციას აფერხებს", - ამბობს გიორგი გოგიაშვილი.
გიორგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად პირადი კონტაქტების საშუალებით რიგაში შუამავალს დაუკავშირდა, რომელიც წელს მიღებულ მოსავალს ლატვიის ერთ-ერთ გადამამუშავებელი საწარმოსთვის გაგზავნის. ამ საწარმოსაც გიორგი მეგობრების დახმარებით დაუკავშირდება. ლატვიელები გასულ წელს უკვე იყვნენ ჩამოსული კახეთში, დაათვალიერეს და მოიწონეს გიორგის ბაღები, რის შემდეგაც მათ შორის თანამშრომლობა პრაქტიკულად გადაწყდა კიდეც. რიგაში გაიგზავნება არა მარტო მაღალი ხარისხის პროდუქტი, არამედ გადასამუშავებლად ვარგისი ატამიც (მცირე დეფექტების მქონე ნაყოფი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ძალიან იაფია და შესაბამისი გადამამუშავებელი პუნქტები არ არსებობს). მოლაპარაკებები გაგრძელდება ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესასვლელადაც.