რიგის ლაბორატორიის დასკვნა: ქართულ თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენების კუთხით მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა
2016 წელს აღებული თაფლის 104 სინჯიდან 18-ში ანტიბიოტიკების ნარჩენები კვლავ აღმოჩნდა.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ eugeorgia.info-ს მიაწოდა, 2015 წელთან შედარებით, მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა (20 შემთხვევა), გაცილებით ცუდი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2014 წელს (103 სინჯიდან დაბინძურებული 32 იყო).
რიგის ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, სადაც საქართველოდან თაფლის სინჯებს შესამოწმებლად აგზავნიან, ყველაზე ხშირად ქართველი მეფუტკრეები ანტიბიოტიკებიდან “მეტრონიდაზოლს” იყენებდნენ, ასევე “სულფატიაზოლს”, “კლორამფენიკოლს” და “ამოზს” (ერთი შემთხვევა). პრეპარატების დონე სინჯებში, რიგ შემთხვევებში კგ-ზე 52 ათას მიკროგრამსაც აჭარბებდა.
ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის ყველაზე დიდი იმპორტიორია. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩინეთის შემდეგ პროდუქტს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებს - 250 ათას ტონას წელიწადში - საკუთარი მოთხოვნის მხოლოდ 60%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი კი - სხვა ქვეყნებიდან შეაქვს. თაფლის იმპორტის მოცულობამ ევროკავშირში 2015 წელს 200 ათასი ტონა შეადგინა (ნახევარი მილიარდი ევრო).
ქართულ თაფლს ცხოველური წარმოშობის ბევრი სხვა პროდუქტებიდან განსხვავებით, ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრების დიდი შანსი აქვს, რადგან საქართველო მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალშია, საიდანაც ევროკავშირში თაფლის შეტანა ნებადართულია. თუმცა, ექსპორტის განხორციელებისათვის დაუშვებელია თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლების მიერ ევროკავშირში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება. კერძოდ, ევროსაბჭოს რეგულაცია EC 37/2010 -ის ( „ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და მათი კლასიფიკაცია მაქსიმალურ დასაშვებ ზღვართან დაკავშირებით”) შესაბამისად, აკრძალული ნივთიერებებია:
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს