თელავში ახალი მარანი იხსნება - “ჯაყელების ღვინო” აგროტურიზმში ერთვება
ჯაყელების ოჯახი, რომლებიც ცნობილ ბიოღვინოს აწარმოებს, თელავის რაიონში მარანსა და სადეგუსტაციო დარბაზს აშენებს.
როგორც eugeorgia.info -ს კომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ჯაყელმა განუცხადა, პროექტის განხორციელებისთვის 50 ათასი დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან მიიღეს, ორ თვეში მარანი გაიხსნება.
“ხაშმში, სადაც ვენახები გვაქვს, მარანი დავშალეთ და თელავში გადმოვიტანეთ, რადგან ხაშმში ცოტა მიუდგომელი ადგილზე ვართ, ჩიხში. ახალი მარანი ფანტასტიურ ადგილზეა, შესანიშნავი ხედებით, ეზო -კარმიდამოთი და ფანჩატურებით. მალე პირველ სტუმრებს გავუმასპინძლდებით, ჩვენს ღვინოს გავასინჯებთ... უკვე გვაქვს წინასწარი შეკვეთები ”, - განაცხადა ზაზა ჯაყელმა.
ჯაყელებმა ღვინის წარმოება 2001 წლიდან დაიწყეს, 2003 წელს კი ასოციაცია “ელკანას” დახმარებით, ვენახი ორგანულ მეურნეობად გარდაქმნეს. ჯაყელების “საფერავი” ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გადის, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, იაპონიასა და აშშ-ში. პროდუქცია პრემიუმსეგმენტშია პოზიციონირებული, ერთი ბოთლი "ჯაყელების ღვინო" ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ „მიშლენის“ ვარსკვლავიან რესტორანში.65 სტერლინგად იყიდება.
“დღეისათვის, დაახლოებით, 4 ჰა ვენახი გვაქვს, საიდანაც 5500 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. აქამდე პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გაგვქონდა, თუმცა, რადგან უცხოეთში დაგვაფასეს, ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა ჩვენი პოპულარობა. საზღვარგარეთ და საქართველოში ღვინოს ერთსა და იმავე ფასად ვყიდით - ერთ ბოთლს 35 ლარად. გადავწყვიტეთ, ადგილობრივებსაც მივცეთ საშუალება, ჩვენი ღვინო დააგემოვნონ, უცხოელები კი აქ გვესტუმრონ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ექსპორტზე ხელს ავიღებთ - გუშინ, მაგალითად, კანადელ ექსპორტიორთან გვქონდა მოლაპარაკება, მაგრამ რაოდენობა ნამდვილად არ გვყოფნის”, - აღნიშნა მეწარმემ.
როგორც მეღვინე აღნიშნავს, ორგანული ვენახი ჩვეულებრივთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებ მოსავალს იძლევა (2-3 ტონა/ჰა-ზე), ჯაყელებმა გადაწყვიტეს, წარმოება გაზარდონ და ასორტიმენტში თეთრი ღვინოც დაამატონ,
“ახმეტის რაიონში, აჟიოში, 5 ჰა-მდე ვენახის იჯარით აღებას ვგეგმავთ. იქ ბევრი ჯიშია გაშენებელი - რქაწითელიც, მწვანეც, ქისიც. ვგეგმავთ, ქვევრის ღვინოც ვაწარმოოთ. თუ ფინანსები გვექნება, მომავალში შევისყიდით კიდეც”, - განაცხადა ზაზა ჯაყელმა.
იმის გამო, რომ ერთი ჰა ვენახის გაშენება 15-20 ათასი დოლარი ჯდება, სრულ მსხომიარობაში კი 8-9 წლის შედის, ჯაყელები გეგმავდნენ, პროექტში ადგილობრივი ფერმერები ჩაერთოთ. აპირებდნენ მეზობლებს დახმარებოდნენ, ვენახი ორგანულად გარდაექმნათ და საჭირო რაოდენობის ყურძენი მათგან შეესყიდათ. თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
“ვენახი ბიოლოგიურ მეურნეობად რომ გარდაიქმნას, სამი წელი სჭირდება, თუმცა, გლეხები ვერაფრით დავარწმუნეთ, მოეცადათ. მაშინვე უნდათ, ფული მიიღონ - განათლების დაბალი დონის ბრალია... ამიტომ გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალებით გავფართოვდეთ და თან აგროტურიზმში ჩავერთოთ”, - აღნიშნა ზაზა ჯაყელმა.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს