ქუთაისურმა კომპანიამ ჰოლანდიაში ავეჯის ექსპორტი დაიწყო
ქუთაისში მდებარე კომპანია „მადერა ჯორჯიამ“, რომელიც მეორადი ხის მასალისგან ავეჯსა და სხვა მასალებს აწარმოებს, ჰოლანდიაში თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა.
როგორც კომპანიის დირექტორმა, ბესიკ მატკავამ eugeorgia.info- ს განუცხადა, უცხოელი პარტნიორი პარფიუმერული კომპანიაა, რომელიც საკუთარი ბრენდული მაღაზიების მოსაწყობად ქართულ საწარმოს დეკორებს უკვეთავს. კომპანია, რომლის დასახელებისგანაც "მადერა ჯორჯიაში" თავი შეიკავეს, წარმოდგენილია მსოფლიოს 33 ქვეყნის, მათ შორის, აშშ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, გერმანიის, საუდის არაბეთის, ყატარის უმსხვილეს ქალაქებში.
„ეს ცნობილი პარფიუმერული ქსელია, რომელსაც უამრავი მაღაზია აქვს მსოფლიოში და დამატებით კიდევ სამასი ობიექტის გახსნას გეგმავს. ორი წელია, მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ჩვენს კონკურენტს, ევროპულ ფირმას ყველაფრით ვაჯობეთ: ფასით, მომსახურებით და დროული მიწოდებით“, - აღნიშნა ბესიკ მატკავამ.
მისი თქმით, ძველი ხის მასალებისგან წარმოებული ავეჯი მსოფლიოში მოდური გახდა, რადგან გარემოს დაცვასა და მწვანე წარმოებას თანამედროვე სამყარო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია საქართველოშიც შეიმჩნევა.
კომპანია უკვე გამოყენებული მუხის, თელის და წაბლის ხის მასალისგან მაგიდებს, სკამებს, იატაკებს, ჭაღებს, დეკორებსა და სხვა პროდუქციას ამზადებს.
„საქართველოს რეგიონებში დავდივართ და საუკუნის წინანდელ ხის შენობებს, ბეღლებს ვყიდულობთ, ვშლით და ქუთაისში მოგვაქვს. ეს საკმაოდ გამძლე მასალაა, რადგან ამდენ ხანს შემორჩა. ვამზადებთ განსხვავებული სტილის ავეჯს, ყველა თავისი კორძით, ბზარითა თუ ლურმნის ნაჭდევით, ეს ექსკლუზიური პროდუქციაა“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
„მადერა ჯორჯიას“ საექსპორტო ფასი დამოკიდებულია პროდუქციის მოდელზე, დამუშავების ხარისხსა და ზომაზე, კვადრატული მეტრის მინიმალური ფასი 45 დოლარიდან იწყება.
კომპანია ადგილობრივ ბაზარზეც არის წარმოდგენილი, თუმცა, მენეჯმენტი აცხადებს, რომ, ძირითადად, მაინც უცხოური ბაზრების ათვისებაზეა ორიენტირებული, მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე სხვა ევროპულ კომპანიასთანაც აწარმოებენ. როგორც „მადერა ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, მათი წარმოება წელს 30-40%-ით გაიზრდება.
„2004 წლიდან ბაზარზე ვართ. ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, არ გვაქვს ძალიან თანამედროვე დაზგები, სამაგიეროდ, უფრო დატვირთულები და აქტიურები ვართ. გვინდოდა, მონაწილეობა მიგვეღო ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებში, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში’, თუმცა, კარგად როცა გავეცანით პირობებს, მივხვდით, რომ არ არის მეწარმეებზე მორგებული. მაგალითად, შენობა-ნაგებობება რომ გადმოგცენ, საჭიროა, იმავე ღირებულების ინვესტიცია განახორციელო. იქნებ, საერთოდ არ მჭირდება ამ ღირებულების საწარმოო ხაზი? ამავე დროს ორ წელიწადში სესხის დაბრუნება უნდა დაიწყო. საქართველოში ასე მალე რომელ ბიზნესს ააწყობ... გადავწყვიტეთ, ისევ საკუთარი ძალებით განვვითარდეთ“, - აღნიშნა მეწარმემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა.
„ჰოლანდიური პროექტისთვის დამატებით 15 თანამშრომელი ავიყვანეთ, ამ ეტაპზე ჩვენთან 22 ადამიანია დასაქმებული. როცა ახალგაზრდებს სამუშაოდ ვეძახით, თავიდან უხარიათ, შემდეგ, როცა დაინახავენ, რომ მილიონი არ კეთდება, გარბიან, ურჩევნიათ, თურქეთში 800-900 ლირად იმუშავონ, პროფესიულ ზრდასა და დროში ინვესტირება არ უნდათ“, - განაცხადეს „მადერა ჯორჯიაში“.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს