ბიოპროდუქციის ექსპორტისთვის ევროკავშირში ელექტრონული სერთიფიკატები სავალდებულო გახდება
ევროკავშირში ორგანული პროდუქციის იმპორტის მონიტორინგისთვის დღეიდან ახალი ელექტრონული სერტიფიცირების სისტემა ამოქმედდა.
სტანდარტული სერთიფიკატები (ქაღალდზე) ელექტრონულთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში ძალაში დარჩება, 19 ოქტომბრიდან კი იმპორტიორებს მხოლოდ ელექტრონული ვერსიის წარდგენის უფლება ექნებათ.
საიმპორტო სერთიფიკატების ატვირთვა სავალდებულო გახდება ვაჭრობის კონტროლისა და ექსპერტსისტემაში - Trade Control & Expert System (TRACES). აღნიშნული სისტემა ევროკავშირში სურსათის გადაადგილების მეთვალყურეობისთვის შეიქმნა. ის შეუწყვეტლად, 24/7-ზე მუშაობს. ვიდრე ელექტრონული სერთიფიკატები სავალდებლო გახდება, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ვებგვერდით, როგორც ონლაინ- მართვის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას მაკონტროლებელი ორგანოებსა და ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორებს შორის.
ორგანული პროდუქციის იმპორტის ელექტრონული სისტემა ევროპის აუდიტორთა პალატის, ასევე ევროკავშირის წევრი- ქვეყნების რეკომენდაციებისა და თხოვნის საფუძველზე შეიქმნა.
“ელექტროსერთიფიცირების სისტემის მიზანია სურსათის უვნებლობის გაზრდა და პოტენციური თაღლითობის აღკვეთა. ის აგრეთვე ხელს შეუწყობს, შესუსტდეს ადმინისტრაციული წნეხი ბიზნესოპერატორებსა და ხელისუფლებაზე. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ორგანული პროდუქციით ვაჭრობაზე უფრო სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება”, - აღნიშნავენ ცვლილების ინიციატორები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირში ორგანული პროდუქციის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. ამ ეტაპზე ევროკავშირში აქტიურად გადის ქართული ბიოღვინო, მცირე მოცულობით ჩაი, ასევე ველურად მზარდი გამომშრალი მცენარეები და კენკრა.