რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს
რუსეთი საფრანგეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას დეზინფორმაციით, ყალბი სტატისტიკური მონაცემებითა და მითების გავრცელებით ცდილობს.
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Bakamo-ს ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეოთხე ინტერნეტ-ბმული, რომელსაც სოციალურ ქსელებში ფრანგი მომხმარებლები მიმართავდნენ წინასაარჩევნოდ, დეზინფორმაციას და ცრუ ახალ ამბებს შეიცავს.
აღნიშნულ ბმულებზე განთავსებულია ინფორმაცია, რომელიც პროევროპელი კანდიდატების წინააღმდეგ არის მიმართული და რუსეთის გავლენის კვალს შეიცავს.
კვლევის ფარგლებში Bakamo-ს სპეციალისტებმა, დაახლოებით, 800 ვებგვერდი და ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოქვეყნებული 8 მილიონი ბმული გააანალიზეს.
კვლევის თანახმად, ბმულების 19,2 %-ში “ჟურნალისტიკის სტანდარტები დაცული არ იყო”, გამოხატავდა “რადიკალურ იდეებს” და დესტრუქციული შინაარსის გამავრცელებელი იყო.
ბმულების 5% კავშირში იყო მითებთან,ან შეთქმულების თეორიებთან. აღნიშნული რესურსების წყაროები მხარს უჭერდნენ ანტიდასავლურად განწყობილ ფრანგ პოლიტიკოსებს, მათ შორის,მარი ლე პენს, ჟან-ლუკ მელაშონსა და სხვ., ასევე დადებითად აფასებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს,ფრანსუა ფიონს, რომელსაც რუსეთთან მეგობრული კავშირები აქვს.
ანალიტიკური ცენტრის ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, საფრანგეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.
ფრანგი ჟურნალისტის, პიერ ჰასკის მოსაზრებით, რუსული წყაროების გავლენა ყველაზე ძლიერია ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფრანგული იდენტობა, ანტიისლამიზმი, ანტიგლობალიზმი და სხვა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, მეორე კი – 7 მაისს გაიმართება. არსებული პროგნოზით, მეორე ტურში ერთმანეთს მარი ლე პენი და ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდებიან. ბოლო გამოკითხვებით, ლე პენისთვის ხმის მისაცემად ამომრჩევლის 22%, მაკრონისთვის კი -25 % არის მზად.
ემანუელ მაკრონი პროდასავლელი პოლიტიკოსია, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ს აქტიური მხარდაჭერით გამოდის. 48 წლის მარი ლე პენი კი, შენგენის შეთანხმების შეჩერებას, ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას, ევროს ვალუტაზე უარის თქმას და სხვა ანტიდასავლურ იდეებს უჭერს მხარს. ლე პენი არ მალავს საკუთარ სიმპატიებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მასთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მარი ლე პენის პარტია “ეროვნულმა ფრონტმა” ერთ-ერთი რუსული ბანკისგან რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი აიღო.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.