ქართულ კასრებზე მოთხოვნა გერმანიასა და ყაზახეთშია
კომპანია „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები”, რომელმაც პირველად საქართველოში კასრების წარმოების მივიწყებული ტრადიცია აღადგინა, ავეჯის წარმოებასაც იწყებს.
კომპანიას ქართველი და ესპანელი დამფუძნებლები ჰყავს. 2013 წელს გურჯაანში მიტოვებული მექანიკური ქარხნის რეაბილტაცია განახორციელა, სადაც 630 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო, აქედან 550 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი სესხის სახით მიიღო. ქართული კასრები ექსპორტზე გერმანიაში გაიტანა, თუმცა, როგორც ქარხნის მენეჯმენტი აცხადებს, მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც საკმაოდ მაღალია. „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები” წელიწადში, დაახლოებით, 300-მდე კასრს აწარმოებს, რომლის ფასი 550 ევროა, მაღალ ფასს ნედლეულის სიძვირე განაპირობებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მასალა საფრანგეთსა და აშშ-დან შემოაქვთ და ადგილზე ამუშავებენ.
„მუხის 365 ჯიში არსებობს, თუმცა, კასრისთვის მხოლოდ რამდენიმე თუ გამოდგება, შეიძლება, საქართველოშიც იყოს ამ ჯიშის მუხა, მაგრამ ჯერ ერთი, 60 წლის ზევით უნდა იყოს და ასეთ ხეს ვინ მოგვაჭრევინებს?! გარდა ამისა, ვერ მივცემთ მეღვინეს გარანტიას არომატზე. მოგეხსენებათ, ალკოჰოლური სასმელის ბუკეტს - კენკრის იქნება, ქლიავის, ატმის, ვარდის, თუ სხვა ყვავილებისა და ხილის ტონები - ზუსტად მუხის კასრები განაპირობებს, ამასთანავე, დამოკიდებულია გამოწვის ხარისხზეც. შავ ღვინოს თეთრზე ნაკლები გამოწვა ესაჭიროება, უფრო ცოტა სპირტს, ვისკიზე კი - პრაქტიკულად, დანახშირებულია. აღსანიშნავია, რომ მასალის მომზადებასაც თავისი ტექნოლოგია აქვს - ორი წლის განმავლობაში გარეთ უნდა იყოს, აწვიმდეს, ათოვდეს, რომ ბუნებრივი ფილტრაცია განიცადოს“, - განუცხადა eugeorgia.info-ს კომპანიის დირექტორმა, ვასიკო კალანდაძემ.
საწარმოს საქმიანობაში არა მხოლოდ ახალი ჭურჭლის, არამედ გამოყენებულის აღდგენაც შედის. როგორც წესი, მუხის კასრში მხოლოდ სამი მოსავლის ღვინის დავარგება შეიძლება, შემდეგ მის დეზინფექცირებას, მოხვეწასა და გამოწვას ახორციელებენ.
„ამის შემდეგ კიდევ ორი მოსავლის დავარგება შეიძლება, შემდეგ კი სპირტისთვის იყენებენ. ზოგადად, ჩვენი კასრების კედლების სისქე 3,4 სმ-ია, 2,2 სმ-მდე რომ ჩამოდის, უკვე აღარ გამოდგება. მოვიფიქრეთ და ასეთი გამოუსადეგარი კასრებისგან ორიგინალური დიზაინის დეკორატიული ავეჯის წარმოება დავიწყეთ“, - აღნიშნა ვასიკო კალანდაძემ.
კომპანია კასრის ფორმის მაგიდებს, სავარძლებს და სხვა ნივთებს აწარმოებს. მათი ფასი პროდუქტის მოცულობისა და დამზადების სირთულის მიხედვით, 50 ლარიდან იწყება 600 ლარამდე აღწევს.
„ავეჯზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგალითად, ღვინის კომპანიებისგან, პაბებისგან, რესტორნებსა და სასტუმროებისგან. ჩვენს მაგიდებს იყენებენ, როგორც ღვინის სადეგუსტაციო მაგიდებს. უცხოურ ანალოგებთან შედარებით ჩვენი პროდუქცია 2-3- ჯერ უფრო იაფია“,- აღნიშნა მეწარმემ.
მისი თქმით, მართალია, როგორც კასრებზე, ასევე ავეჯზე ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ კომპანიის განვითარებისთვის მაინც ექსპორტის დივერსიფიცირებაა საჭირო.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს