ევროკავშირმა საქართველოსა და ხუთ ქვეყანაში ახალგაზრდების დასაქმების ხელშესაწყობად 8,5 მილიონი ევრო გამოყო
„ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის ინიციატივის“ (EU4Youth Initiative) ფარგლებში ახალი პროგრამა დაიწყო.
პროექტის ღირებულება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდების დასაქმების, მათი უნარ-ჩვევების განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს, 8.5 მილიონი ევროა.
„ის მიმართულია არახელსაყრელ პირობებში მყოფი, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდების ძირითადი პრობლემების გადაჭრაზე; აგრეთვე ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერაზე; იმ ღონისძიებებისა და სუბიექტების იდენტიფიცირებაზე, რომელთაც აღნიშნული ქვეყნების პოლიტიკაზე სისტემატური გავლენის პოტენციალი აქვთ“, - აღნიშნულია პროგრამაში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეთა გაერთიანებებს შეუძლიათ. გრანტის მინიმალური მოცულობა 750 ათასი ევრო, ხოლო მაქსიმალური -1,5 მილიონი ევროა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი.
როგორც პროგრამის ინიციატორები აცხადებენ, იმ ახალგაზრდების სიმრავლე, რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც სწავლობენ და არც გადამზადებას გადიან (15-24 წლამდე), უფრო სერიოზული პრობლემაა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ვიდრე მთლიანად ევროკავშირში. ახალგაზრდების უმუშევრობის დონე სხვა ასაკობრივ კატეგორიებთან შედარებით ორჯერ, სამჯერ უფრო მაღალია, ასევე ევროკავშირთან შედარებით (20%), მაგალითად, სომხეთში - 37,2%-ია, ხოლო საქართველოში- 30,7% თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გარკვეული გაუმჯობესება ამ მიმართულებით შეინიშნება.
„მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში განათლების მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, სამუშაო ადგილების შექმნაზე სტაგნაციის შედეგად ახალგაზრდებმა შესაძლებლობები დაკარგეს, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არ არის მთლიანად ასახული ადამიანური კაპიტალის პროდუქტიულ გამოყენებაში“, - აცხადებენ პროგრამის ინიციატორები.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს