ყატარში ექსპორტის დიდი შესაძლებლობაა, თუმცა, ქართული კომპანიები ინვესტირებისგან თავს იკავებენ
ყატარში ცხვრის ხორცის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც EUGEORGIA.INFO-ს ბიზნესმენმა პაატა გიორგაძემ განუცხადა, საუბარია ორ დღეში ერთხელ 1-1,5 ტონა ხორცის მიწოდებაზე. რომლის ტრანსპორტირება საჰაერო გზით განხორციელდება.
„დაინტერესებულია ყატარული ფირმა, რომელიც პროდუქციით რესტორნებს ამარაგებს, მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია. რამადანი იყო და, შესაბამისად, პროცესი დროებით შეფერხდა, კვირიდან ყატარში ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება და მოლაპარაკებებსაც გავააქტიურებთ“, - აღნიშნა პაატა გიორგაძემ.
მისი თქმით, 1 კგ ქართული ცხვრის ხორცში არაბები, სავარაუდოდ 7 დოლარს გადაიხდიან,რაც ყატარისთვისსაკმაოდ მაღალი ფასია.
„ავსტრალიასა თუ სუდანიდან შემოტანილი ცხვირის ხორცის ფასი 5-6 დოლარია. კონკურენცია საკმაოდ დიდია და მძაფრი, მაგრამ ხორცის ფასს ქართველიმეცხვარეები ვერ აკლებენ. როგორც ასოციაციაში მეუბნებიან, პროდუქციის თვითღირებულება მიწის გადასახდების გამო მაღალია, ამასწინათ, მაგალითად, ჩვენი ცხვრის ხორცით კიდევ ერთი ყატარული კომპანია დაინტერესდა, რომელიც მზად იყო, დღეში 0,7 -1 ტონა ხორცი შეესყიდა,მაგრამ 1 კგ-ში 5 დოლარს იხდიდა და გარიგება ჩაიშალა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
პაატა გიორგაძე უკვე რვა წელია, ყატარში ცხოვრობს და უკრაინასა და რუსეთიდან სურსათის იმპორტითაა დაკავებული. ბიზნესმენის თქმით, ცხვრის ხორცის გარდა, პერსპექტივა სპარსეთის ყურეში ქართულხილს, ჩაისა, მინერალურწყლებსა და სხვა პროდუქტებსაც აქვს. თუმცა, მაღალი ფასი ექსპორტისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.
„ყატარის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინდოეთსა და პაკისტანიდან ჩამოსული იაფი მუშახელი წარმოადგენს, შესაბამისად, ისინი არიან მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტიც. საქართველო ძალიან დაშორებულია ყატარს, მალფუჭებადი პროდუქტების, მაგალითად, ხილის, ან ხორცის შემთხვევაში თვითმფრინავი შეუცვლელი ტრანსპორტია, აქ კი ინდოეთსა და მეზობელი ქვეყნებიდან პირდაპირ გემებით შემოდის პროდუქცია, ძნელია კონკურენციის გაწევა, გარდა ამისა, ინდოელები ხშირად ლობირებენ საკუთარ პროდუქტს, საჭიროა, იპოვნო ადგილობრივი სპონსორი“, - აღნიშნა პაატა გიორგაძემ.
მისი თქმით, ყატარი სპეციფიკური გასაღების ბაზარია, გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახად და თავის დასამკვიდრებად საჭიროაფინანსური რესურსების მობილიზება, თუმცა, ქართული კომპანიები მის აუცილებლობას ვერ აცნობიერებენ.
„აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს პირადი კონტაქტები, ურთიერთობები. საჭიროა,ადამიანს რამდენიმეჯერ შეხვდე, მასთან ყავა დალიო, რომ უკეთ გაგიცნოს და პარტნიორობაზე წამოვიდეს ამასთანავე, აუცილებელია კომპანია დააფუძნო, რათა შენთან იურიდიულად თანამშრომლობის საშუალება ჰქონდეს. კომპანიის სავალდებულო საწესდებო კაპიტალი - დაახლოებით, 50 ათასი დოლარია. თუმცა, ეს არ არის გაყინული თანხა, შეიძლება, სურვილისამებრ, ფირმის საქმიანობისთვის გამოიყენო. დავწერე პროექტი, სადაც გავითვალისწინე 3-4 თანამშრომლის ოთხი თვის სახელფასო ფონდი, ასევე ოფისისა და მანქანის იჯარის ხარჯები.ვიფიქრე, საქართველოში რამდენიმე დიდი ექსპორტიორისთვის შემეთავაზებინა მსგავსი კომპანიის დაფუძნება. ისინი თან პროდუქციის გატანით მიიღებდნენ სარგებელს, თან -ამ კომპანიის საქმიანობიდან, თუმცა, ვერ დავაინტერესე. მათ შორის, „ბორჯომშიც“.პირდაპირ კითხულობენ, რა მოცულობის კონტრაქტს მიიღებენ შეიხისგან. შეიხს არაფერი სჭირდება, ისედაც შეუძლია, მონახოს მომწოდებელი, თუ არ ჩადეს ინვესტიცია და ძალისხმევა, ეერ შეძლებენ ექსპორტირებას“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
როგორც პაატა გიორგაძე აცხადებს, არანაკლებ პრობლემატურია ქართველი მეწარმეების არაკვალიფიციურობაც.
„უმეტეს შემთხვევაში, მათ არ შეუძლიათ, კომერციული წინადადების ჩამოყალიბება. რამდენიმეჯერ, როცა ქართული კომპანიების ყატარულთან დაკავშირება ვცადე, არ წერდნენ პროდუქციის ფასს, ან ვერ ითვლიდნენ. მაგალითად, რამდენი დაჯდებოდა მისი თვითღირებულება ლოჯისტიკის ხარჯების ჩათვლით. აქედან როგორ უნდა დავითვალოთ, თუნდაც, შიდა გადაზიდვების ღირებულება, რა ვიცით, ტრანსპორტის რომელ სახეობას გამოიყენებენ, თუნდაც ფოთის პორტამდე ტვირთის მისატანად? უფრო მეტიც, ხშირად ინგლისურად გამართულად არ არის თარგმნილი, არ იციან, როგორ ჩამოაყალინონ და კომპეტენტურად თარგმნონ პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები“, - აცხადებს პაატა გიორგაძე.