ევროკავშირსა და ევროზონაში უმუშევრობის დონემ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია
ევროკავშირსა და ევროზონაში უმუშევრობის დონემ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი შეადგინა - ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური, ევროსტატ-ი იტყობინება.
ევროსტატ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში ევროზონაში უმუშევრობის დონემ 9,1% შეადგინა და ეს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის თებერვლის შემდეგ. რაც შეეხება ევროკავშირს, 28 ქვეყნის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ აქ 7,7% შეადგინა, რაც 2008 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2017 წლის ივნისის მონაცემებით, უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა ჩეხეთის რესპუბლიკაში (2,9%), გერმანიასა (3.8%) და მალტაში (4.1%). უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, საბერძნეთსა (21.7%) და ესპანეთშია (17.1%).
უმუშევრობის დონე შემცირდა აშშ-შიც, სადაც 4,4% შეადგინა. ეს 2016 წლის ივნისთან შედარებით, 0,5%-ით ნაკლებია.
რუსეთში უმუშევრობის დონე აშშ-ზე მაღალი და ევროკავშირის ქვეყნებზე დაბალია, თუმცა, როგორც რუსი ექსპერტები განმარტავენ - ეს რუსეთის შრომის ბაზრის ერთ-ერთი თავისებურებაა.
რუსეთის სტატისტიკური სამსახურის, როსსტატ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში უმუშევრობის დონემ რუსეთში ისტორიულ მინიმუმს - 5,1%-ს მიაღწია.
„ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უმუშევრობა კრიზისებზე მწვავედ რეაგირებს“, - განმარტავს სააგენტო „ტას“-თან საუბარში ექსპერტი ვლადიმირ გიმპელსონი, - საწარმოები პერსონალს ამცირებენ. კრიზისის დასრულების შემდეგ ხალხი სამუშაო ადგილებს უბრუნდება, ამასთან დასაქმებულთა ხელფასი, პრაქტიკულად, არ იცვლება. რუსეთში კი ყველაფერი სხვაგვარადაა: კრიზისის დროს ფირმებს თანამშრომლების დათხოვნის უფლება ეზღუდებათ, თუმცა არა აქვთ შეზღუდული ხელფასების შემცირების უფლება. ამიტომაც, კრიზისის დროს, უმუშევრობა ჩვენთან თითქმის არ იზრდება, დასაქმების დონე კვლავ რჩება მაღალი, თუმცა ხელფასები, შესაძლოა, ძლიერ შემცირდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვა ქვეყნებში რეაქცია კრიზისზე დასაქმებულთა ოდენობით გამოიხატება, რუსეთში კი - შრომის ანაზღაურებით“.
რუსეთის სტრატეგიული ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი იგორ ნიკოლაევი სააგენტო „ტას“-თვის მიცემულ კომენტარში საუბრობს „ფარული უმუშევრობის“ მაღალ დონეზე რუსეთში. მისი განმარტებით, გავრცელებული პრაქტიკაა, როცა მოსამსახურეები გადაჰყავთ ნახევარ განაკვეთზე, მეოთხედ განაკვეთზე და 0,1 განაკვეთზეც კი.
„გამოდის, რომ ადამიანი დასაქმებულია და უმუშევრად არ ითვლება, თუმცა, შესაძლებელია ითქვას, რომ სინამდვილეში უმუშევარია“, - ამბობს ექსპერტი.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს