ევროკავშირის დახმარებით, სოფელ ტაბაწყურში თანამედროვე, ოჯახური ტიპის სასტუმრო შენდება
„რუსულად რატომ მესაუბრებით? მირჩევნია, ქართულად ვისაუბრო - ქართული უფრო კარგად ვიცი, ვიდრე რუსული“, - სოფელ ტაბაწყურის მაცხოვრებელთან, ანდრუშ ირიციანთან, ინტერვიუს ჩაწერა რუსულად რომ გადავწყვიტეთ, მისგან სწორედ ასეთი პასუხი მივიღეთ.
32 წლის ანდრუშ ირიციანი ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ბენეფიცირია. რამდენიმე თვის წინ, ირიციანის პროექტმა ENPARD-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა - მან სოფელში, პირველი ოჯახური ტიპის სასტუმროს მშენებლობისთვის, გრანტი მოიპოვა.
„ჩვენთან ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული, ჩაგვიტარეს ტრენინგები, აგვიხსნეს, როგორ უნდა დაგვეწერა პროექტი. ვინაიდან, ადრე ტურისტებზე სახლს ვაქირავებდი, გადავწყვიტე, სასტუმრო ამეშენებინა, რადგან ტურისტების ნაკადი ტაბაწყურში მზარდია. ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა და 30 000 ლარით დამაფინანსეს“, - ამბობს ანდრუშ ირიციანი.
ტაბაწყურში, სადაც დაახლოებით, 750 ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური სომეხია. ანდრუშ ირიციანი ყვება, რომ ტაბაწყურის თითქმის ყველა მაცხოვრებელი სახელმწიფო ენას ფლობს ან სწავლობს. ნაწილობრივ, ეს გამოწვეულია, ტაბაწყურის მზარდი ტურისტული პოტენციალით: ბოლო წლებში, სოფელში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადის დასასვენებლად, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ისე საზღვარგარეთიდან.
„სოფელში ზოგს ქართულად ლაპარაკი უჭირს, მაგრამ ესმით ყველაფერი და ცდილობენ, ენა ისწავლონ. ადრე ბავშვებს ქვეყნის გარეთ აგზავნიდნენ სასწავლებლად, ახლა კი აქ რჩებიან. ბავშვები, ამ კუთხით, განსაკუთრებით აქტიურები არიან“,- განმარტავს ანდრუშ ირიციანი.
ENPARD-ის დაფინანსებული პროექტი, ორსართულიანი სასტუმრო - ტაბაწყურის ულამაზესი ტბიდან დაახლოებით 100 მეტრში შენდება და 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. ანდრუშ ირიციანი ამბობს, რომ მომავალ წელს, სოფლის მაცხოვრებლები რამდენიმე ათას ტურისტს ელოდებიან. მისი ინფორმაციით, წელს ტაბაწყურს 5-6 ათასი ტურისტი ეწვია, მათ შორის გერმანიიდან, შოტლანდიიდან, უკრაინიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.
„ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩვენი ბუნება მოსწონთ, ასევე, ჩვენი სოფლის პროდუქტები. აქ ყველაფერი ნატურალური და იაფია: კარტოფილი, რძე, კარაქი, მაწონი, ხორცი,თევზი და სხვა“,- ამბობს ანდრუშ ირიციანი.
სასტუმროს გახსნა სარგებელს არამხოლოდ ირიციანების ოჯახს, არამედ სოფლის სხვა მაცხოვრებლებსაც მოუტანს, რომლებიც ახალი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან: „სურვილის შემთხვევაში, სოფლის მაცხოვრებლები ტურისტს ტბაზე ნავით გაასეირნებენ, ცხენით მთაში აიყვანენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ბევრი ტურისტის ჩამოსვლა სოფლის მოსახლეობის ინტერესებში შედის“, - განმარტავს ანდრუშ ირიციანი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ტაბაწყური ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელს გაზი და ელექტროენერგია მიეწოდება, აქვთ ინტერნეტიც, მთავარ პრობლემას კი, გზა წარმოადგენს. თუმცა, როგორც ანდრუშ ირიციანი ამბობს, ხელისუფლება სოფლის მაცხოვრებლებს დაპირდა, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის, სოფლისკენ მიმავალ გზას დააგებს.
სოფელ ტაბაწყურში მოსახლეობა, ტრადიციულად, მეთევზეობით, მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით არის დაკავებული.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს