ბიომრავალფეროვნების შესახებ RIA თებერვლის ბოლოსთვის გასაჯაროვდება
ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში რეგულირების გავლენის ანალიზის (RIA-ს) დანერგვის კუთხით ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონის პროექტზე RIA-ს განხორციელებაა, რომელიც ამავდროულად ემსახურება გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ) შემუშავებულია, რათა დაიცვას ბიომრავალფეროვნება და ასევე, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება.
საქართველოს ბუნებრივი მაცხოვრებლებისა (habitats) და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ 1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/43/EC დირექტივით ევალება კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან.
2017 წლის განმავლობაში ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის რეგულირების გავლენის ანალიზზე (RIA) ISET-ის სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა. RIA-ს განმახორციელებელი გუნდი GIZ-ის მიერ შეირჩა, რათა შესაბამისად შეფასდეს კანონპროექტის შესაძლო შედეგები ეკონომიკურ, სოციალურ და გარემო პირობებზე.
ISET-ის მკვლევარებმა დაინტერესებულ პირებს დახურულ შეხვედრაზე შედეგები წარუდგინეს, რომლებიც ძირითადად ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებს, კანონპროექტის მიზნებს და სხვა საკითხებს ეხებოდა.
ბიომრავალფეროვნების კანონპროექტზე RIA-ს შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად eugeorgia.info გაესაუბრა, როგორც ISET-ის, ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს. თუმცა ბიომრავალფეროვნების შესახებ RIA-ს საბოლოო შედეგები მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე არ საჯაროვდება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, RIA-ს მიზნებია პასუხი გასცეს შემდგეგ კითხვებს:
• რა არის პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები?
• რატომ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ?
• რა არის ახალი რეგულაციის შემოღების მიზანი და ამოცანები?
• ამოცანების განსახორციელებლად რა ალტერნატივები არსებობს?
• რა იქნება მათი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენები და ვინ დაზარალდება?
• სხვადასხვა ალტერნატივების შედარება ეფექტიანობისა და ეფექტურობის, სარგებლისა და ხარჯების მიხედვით როგორ ხდება?
• როგორ განხორციელდება მონიტორინგი, შეფასება და შემდგომი რეტროსპექტივის ორგანიზება?
ასევე, უცნობია ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის შინაარსი, თუ რას ეხება იგი და რაიმე სახის ცვლილებას უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ამ კუთხით.
"ამჟამად მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის დახვეწა, მასში გათვალისწინებული იქნება ევროსაბჭოს ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის შესახებ (92/43/EEC) დირექტივის და „ფრინველების დაცვის შესახებ“ (2009/147/EC) დირექტივის მოთხოვნები. ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის ინიცირება იგეგმება 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე. ამ ეტაპზე დოკუმენტი ფართო საზოგადოებისათვის ღია არ არის, თუმცა პროცესის დასრულებისთანავე (სავარაუდოდ თებერვლის ბოლოსთვის) დოკუმენტი გასაჯაროვდება", - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.