„ჰერბია” სასათბურე მეურნეობას ევროკრედიტით აფართოებს
ევროსესხი კომპანიას საექსპორტო ბაზრების ათვისებაში დაეხმარება
შპს „ჰერბია” სასათბურე მეურნეობის გასაფართოვებლად ევროკავშირისა და EBRD- საკრედიტო ხაზით მიღებულ დაფინანსებას გამოიყენებს. კომპანიას საკრედიტო ხაზის ფარგლებში „საქართველოს ბანკისგან” 500 ათასი ევროს სესხი დაუმტკიცდა. სასესხო თანხის 15%-ს კომპანია გრანტის სახით მიიღებს, როგორც ევროსესხის პირობებითაა გათვალისწინებული.
კომპანიამ თანხის ნაწილი სასათბურე მეურნეობის გასაფართოებლად და შესაფუთი საწარმოს გადასაიარაღებლად უკვე აითვისა. „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე ამბობს, რომ თანხას ევროპაში საექსპორტო ბაზრების გასაფართოებლად და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ნიშის გასაზრდელად გამოიყენებს.
„ვაპირებთ მწვანილის ასორტიმენტის გაზრდას. საკრედიტო ხაზით მიღებულ თანხას ამ მიზნითაც გამოვიყენებთ. პროდუქციის ჩამონათვალი აუცილებლად გაიზრდება. დაახლოებით თვენახევარში საკრედიტო თანხას ბოლომდე ავითვისებთ და უახლოეს მომავალში ბაზარზე მეტი მოცულობისა და დასახელების მწვანილს გამოვიტანთ”, - ამბობს ზურაბ ჯანელიძე.
წყალტუბოს რაიონში შპს „ჰერბია" პირველი კომპანია იყო, რომელმაც ქართული მწვანილი ევროპის ბაზარზე გაიტანა. ევროპაში ექსპორტის მიზნით კომპანიამ წარმოებაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი წლების წინ დანერგა. „ჰერბიას" ძირითადად: კამა, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, სალათები (ლოლო-როსა, ლოლო-ბიონდა, რეკოლა და სხვა), მწვანე ხახვი, რეჰანი, პიტნა, ორეგანო მოჰყავს.
ამ პერიოდისთვის კომპანიის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი ევროპაში ბულგარეთია. კომპანიამ ამ ქვეყანაში 2 კვირის წინ 20 ტონა მწვანილის მორიგი პარტია გაგზავნა. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მომდევნო კვირაში ბულგარეთის მიმართულებით კიდევ ერთი 20-ტონიანი პარტია აიღებს გეზს.
„2017 წელს წარმოება გაორმაგდა. გაყიდვები გაიზარდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე. ევროპაში ჩვენ მწვანილზე მოთხოვნა ძალიან დიდია. კიდევ ბევრი ევროპული ქვეყანა ითხოვს ჩვენგან პროდუქციის შეტანას, თუმცა, საკმარისი მოცულობა არ გვაქვს და ევროპული სავაჭრო ქსელების უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ევროპული მარკეტები დიდი და გარანტირებული მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ. საამისო რესურსი არ გვაქვს. ამ საკრედიტო თანხას გამოვიყენებთ სწორედ მოცულობის გასაზრდელად. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი ბაზრის შესავსებად”, - ამბობს eugeorgia.info-თან საუბრისას „ჰერბიას” დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე.
„ჰერბია” ერთადერთი ქართული მწვანილის მწარმოებელია ევროპის ბაზარზე. სხვა ანალოგიური პროფილის კომპანიებს ევროპაში ექსპორტში ხელს არაერთი დაბრკოლება უშლის. მათ შორის არის პროდუქციის ხარისხი, რომელიც ევროპის ბაზრის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ტრანსპორტირების პრობლემა - ადგილობრივი სასათბურე მეურნეობები ძირითადად, მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და საკუთარი პროდუქტით კონტეინერების შევსების პრობლემა აქვთ. ასევე, მეწარმეები საექსპორტო ბაზრების შესახებ მწირი ინფორმაციას ფლობენ.
500 მილიონი მომხმარებლით ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია, სადაც იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით, ფასი კი 8% იზრდება. ევროპის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, შემდეგ მოდის ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ბრაზილია და პერუ. Eurostat-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს.
EU4Business-EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსური რესურსი ორმა ქართულმა ბანკმა „საქართველოს ბანკ”-მა და „თიბისი”-მ უკვე მიიღეს. ამ თანხიდან „საქართველოს ბანკ”-მა 50 მილიონი დოლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე უკვე გაასესხა. „თიბისის”-თვის 60 მილიონი დოლარია გამოყოფილი და პროექტის ფარგლებში ბანკი ბიზნესს ერთი წელი კიდევ დააფინანსებს. პროგრამაში მაისიდან ჩაერთვება „პროკრედიტბანკი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზე 10 მილიონ ევრომდე თანხას გაასესხებს.
ბიზნესს საშუალება უნდა მისცეს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს.