1%-მდე შემცირებული ბრუნვის გადასახადით მცირე საწარმოებს 40 მლნ. ლარი დარჩებათ
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, მათთვის ხელშეწყობა და გაძლიერება განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. "საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის" ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში ხაზს უსვამს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ მიმართულებით, წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ცვლილების შესახებ.
საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვნებეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მთელი ევროკავშირის მასშატაბით საწარმოთა 99%-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსს ატარებს, სადაც დასაქმებულია დასაქმებულთა 67%, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება შეადგენს მთლიანი დამატებული ღირებულების 57,5%. სწორედ ეს სტატისტიკა მეტყველებს, მცირე და საშუალო საწარმოების როლზე ბიზნესის განვითარებაში. იგივე მონაცემები საქართველოს შემთხვევაში ევროკავშირის მონაცემებთან შესადარისი არ იყო, რადგან საქართველოში 2017 წლამდე ევროსტატის შესადარისი განმარტება არ არსებობდა. სტატისტიკური აღრიცხვისთვის ახალი განმარტება შემუშავდა, მაგრამ საგადასახადო მიზნებისთვის მცირე საწარმოებს განსხვავებული განმარტება აქვთ, რომელიც შეიცვლება ფინანსთა სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. "ახალი ინიციატივა სხვა რეფორმებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და გავხდეთ ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით", - განაცხადა მედიასთან საუბარში მინისტრმა. მისიგანცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500,000 ლარს არ აღემატება.
„დღეს, ეს ზღვარი არის 100,000 ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით ამ ზღვარს. ჩვენ ასევე 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და ნაცვლად დღეს არსებული 5%-იანი ზღვარიდან, ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულამდე. ჩვენი მიზანია, მეწარმეები, რაც შეიძლება ნაკლებ დროს ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას და ისინი მთლიანად იყვნენ ფოკუსირებულები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მეწარმეები გავათავისუფლოთ ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან. მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, - ჩვენთვის პრიორიტეტულია მეწარმეები, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისასრაც შეიძლება ნაკლებ დროს ხარჯავდნენ."
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ საავანსო რეჟიმში, მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკა გაუქმდება და მცირე მეწარმეები ბრუნვის 1%-იან გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან.
დღევანდელი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მეზარმე ფიზიკურ პირს უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი თუ მას დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირების ვალდებულება დაუდგება. ახალი ცვლილებით კი, როგორც ირკვევა, შესაძლებელი იქნება მცირე მეწარმის სტატუსის შენარჩუნება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაშიც. "მცირე მეწარმეები, რომელიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდარტულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას, ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღის ვადაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
"ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისათვის, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მეწარმეებისათვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით მინიმუმამდე იქნას შემცირებული საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. ვფიქრობთ, შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის საქართველოში", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა eugeorgia.info-სთან საუბარში.
მინისტრის განცხადებით ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120 000 ათას ფიზიკურ პირს. საქართველოში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 120 000 მეწარმე ფიზიკური პირი (მათ შორის, 50 000 ზე მეტი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი), რომელთა ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს.
"ახალი საგადასახადო ინიციატივა, პირდაპირ შეეხება ამ კატეგორიის გადამხდელებს, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი, რომლითაც წესდება მინიმალური გადასახადი. ამასთან, ახალი საგადასახადო ინიციატივა, ავტომატურად შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ყველა მეწარმეს, რომელნიც ერთობლივი შემოსავლიდან 5 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრებოდნენ. რაც შეეხება, ბიუჯეტის შემოსავლების მოსალოდნელ შემცირებას მცირე ბიზნესის ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებების გამო (ამ ტიპის მეწარმეების წინა წლების გადახდების გათვალისწინებით) გადასახადების სახით მისაღები წლიური შემოსავალი შემცირდება დაახლოებით 40 მლნ. ლარით", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიკრო ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები არ იცვლება.
შეგახსენებთ, რომ მიკრო ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს.