ევროკავშირის დახმარებით პრობლემური ოჯახების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა
ევროკავშირის დახმარებით პრობლემური ოჯახების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა
სოციალური მუშაკების გადამზადებას მილიონ ევროზე მეტი მოხმარდა
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თამარი მიმღები მშობელი გახდა. მინდობით აღსაზრდელი მისივე ნათესავია. ბიჭი სამი წლის იყო, როცა დედამ მამა თვალწინ მოუკლა. ამ სტრესის ფონზე, გარდატეხის ასაკი ბავშვისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. თამარი ამბობს, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ, მის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა და ის უკვე აღჭურვილია ცოდნით, რაც შვილის სწორად აღზრდასა და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება.
„როგორც ადამიანი, ამ ტრენინგმა შემცვალა. რთულია ამ ბავშვების ცხოვრება. ჩემი შვილისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან ასეთ ტრაგედიას შეესწრო და ყველაფერი ახსოვს. ტრენინგზე ვისწავლე ურთიერთობები, მიდგომები და სიყვარულის გამოხატვა. ვცდილობ, ყველაფერი ცხოვრებაში გადმოვიტანო და ისე მოვიქცე, როგორც ფსიქოლოგები გვასწავლიდნენ“, - ამბობს თამარი.
„სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში თამარი სხვა მიმღებ მშობლებთან ერთად ესწრებოდა ტრენინგებს, სადაც მინდობით აღმზრდელობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბავშვთა ფსიქოლოგიას განიხილავდნენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ევროკავშირის დაფინანსებით 10 600 სოციალური მუშაკი და 160 ორგანიზაცია, ასევე 3600–მდე ბენეფიციარი გაძლიერდა. მოწყვლად ჯგუფებთან ეფექტიან მუშაობას და ხელმისაწვდომი სოციალური მომსახურებების შექმნას 1 079 413 ევრო მოხმარდა.
პროექტმა საქართველოს 8 რეგიონი დაფარა – გაიზარდა ორგანიზაციების შესაძლებლობები, გაუმჯობესდა მათი საინფორმაციო მომსახურება, ასევე, შეიქმნა ახალი კონცეფციები და დოკუმენტები, რომლებიც სოციალურ სფეროში კანონების, რეგულაციებისა და სტანდარტების გაუმჯობესებას ეხება. გარდა ამისა, გამოიცა სახელმძღვანელოები, ჩატარდა ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები.
ნანა სოციალურმა მუშაკებმა პროექტში სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად ჩართეს. მას პირველ რიგში, ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარნენ – საქველმოქმედო აქციები მოაწყვეს და სათამაშოები, ტანსაცმელი, ავეჯი და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები შეუგროვეს. ნანას ფსიქოლოგებმა ტრენინგები ჩაუტარეს, გააძლიერეს და შემდეგ სამსახურიც უპოვეს. როგორც ნანა ამბობს, აქამდე არ იცოდა, რისი უფლება ჰქონდა და სახელმწიფოსგან რა სერვისების მოთხოვნა შეეძლო. 2 მცირეწლოვანი ბავშვის დედის ცხოვრება რამდენიმე თვეში რადიკალურად შეიცვალა.
„ჩაკეტილი ვიყავი, არსად წასასვლელი არ მქონდა, მთელ დღეებს სახლში ვატარებდი. სამსახურსაც ვერ ვიწყებდი ისეთს, რომ შაბათ–კვირას დამესვენა, რადგან ამ დღეებში ბავშვები ბაღში არ იყვნენ. ძალიან მომწონს ჩემი სამსახური, კარგი გუნდი ვართ და ყველანაირად ხელს მიწყობენ. ტრენინგების გავლის შემდეგ ადამიანებთან კომუნიკაცია ვისწავლე. ახლა უფრო ხალისიანი და პოზიტიური გავხდი“, - ამბობს ნანა.
პროექტის კოორდინატორის მანანა ომარაშვილის თქმით, ბავშვის მიტოვების რისკების შემცირება, განათლების ხელმისაწვდომობა, მოწყვლადი ოჯახების გაძლიერება, ფსიქოლოგიური დახმარება და მშობლობის უნარების განვითარება, პროექტის მთავარი მიზანი იყო. ის ბენეფიციარების პრობლემების ძირითად მიზეზებად უმუშევრობას, სიღარიბესა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ასახელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ: „ბენეფიციარებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ შეუძლიათ მიიღონ საჭირო მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. დავწერეთ სახელმძღვანელო ოჯახების გაძლიერების მოდელის შესახებ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას გაამარტივებს. ასევე ტრენერებად ვაქციეთ ის ადამიანები, რომლებიც უკვე გავიდნენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან და დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება”.
კესომ მცირე საოჯახო სახლიდან წამოსვლის შემდეგ პროფესიული განათლება მიიღო, მუშაობს, გერმანულს სწავლობს და უცხოეთში წასასვლელად ემზადება. ის ერთ–ერთი იყო იმ 15 ბენეფიციარიდან, რომელმაც პროექტის ფარგლებში, საკუთარი წარმატების მაგალითი და გამოცდილება სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა. დედა მასზე მშობიარობას გადაყვა, 6 შვილის გაზრდა მამამ მარტომ ვერ შეძლო – ასე აღმოჩნდნენ მეორეკლასელი კესო და მისი და ინტერნატში. მალევე მისი და ოჯახში დაბრუნდა, თვითონ კი სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და მცირე საოჯახო საცხოვრებელში გადავიდა. ამ ყველაფერში მას ერთ-ერთი კერძო კომპანია დაეხმარა.
„რა უნარ–ჩვევები სჭირდება ადამიანს დამოუკიდებლად საცხოვრებლად, რა იცის საზოგადოებამ სახელმწიფო მზრუნველობის პროგრამაში ჩართული ბავშვების შესახებ და რისი მიღება შეუძლიათ მათ თვითმმართველობის ორგანოებისგან – სწორედ ამ თემებზე ვმართავდით დისკუსიებს, ვუყვებოდით მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილების შესახებ. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მათი ფსიქოლოგიურად გაძლიერება იყო, არამედ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა სოციალურ სერვისთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებაში დაეხმარება,“ – გვიყვება კესო. ის ამბობს, რომ მთავარ პრობლემად ჩაკეტილობა და გაუცხოება რჩება. იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ, მათი ფსიქოლოგიურად გაძლიერება, ამ თემაზე საუბარი და მსგავსი ტრენინგები არსებითად მნიშვნელოვანია.
ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების არსებობის აუცილებლობასა და ბენეფიციარების ფსიქოლოგიურად გაძლიერების მნიშვნელობას უსვამს ხაზს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილიც: „ქვეყანაში ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების გაწევა პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფოს დახმარება ძირითადად მატერიალური ფორმით გამოიხატება, ჩარევა კი პოსტ ფაქტუმ ხდება. არ გვაქვს თანმიმდევრული, პრევენციული პოლიტიკა. იმ ოჯახებს, რომლებსაც მშობლის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, მანამ სჭირდებათ დახმარება, ვიდრე კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან. სოციალური პოლიტიკის შემუშავება, ეფექტიანი მომსახურების სისტემის შექმნა და ამ ყველაფრით ოჯახების გაძლიერება ის მიმართულებები იყო, რაზეც პროექტის ფარგლებში ვიმუშავეთ.“
„სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებებისთვის“ 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მაისამდე ხორციელდება. პროექტს მხარს ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების სააგენტო უჭერენ.
მაია ჭანტურიძე