EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით შპს-მ „ერთობა” 50% -ით ენერგოეფექტური მაცივარი ააშენა
შპს–მ „ერთობა“, დაახლოებით, 300 ათასი ლარის ღირებულების კრედიტი, EBRD–ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით, „თი ბი სი ბანკისგან” მიიღო. კომპანიამ სესხი სამაცივრე მეურნეობის შექმნას მოახმარა და დამატებით, თანხის 10% საჩუქრად მიიღო.
კომპანიის დირექტორის, გურამ გზირიშვილის თქმით, 10 %–იანი „ქეშბექი“ და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება კრედიტის მთავარი პლუსია: „EBRD-ის კრედიტი განსაკუთრებით მომხიბლავია მისი პირობების გამო. ჩვენი კომპანიისთვის, დიდი შეღავათი იყო ის 30 ათასი ლარი, რომელიც უკან დაგვიბრუნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტორია, რომ თანდათან გადავდივართ ევროკავშირის სტანდარტებზე,“ – ამბობს გურამ გზირიშვილი.
50 %–მდე ენერგოეფექტური სამაცივრე დანადგარები გაყინვისა და ტემპერატურის შენარჩუნების მხრივ, ისევე როგორც, ეკოლოგიური სისუფთავით, სხვა კონტეინერებისგან გამოირჩევა. მეურნეობის მოსაწყობად „ერთობამ“ საუკეთესო ხარისხის გერმანული სამაცივრე დანადგარები და სენდვიჩ პანელები შეიძინა. მაცივარი 360 კვ მ ფართობზეა მოწყობილი. ტემპერატურა –20–25 გრადუსამდე მერყეობს და ნაყინისა და რძის სხვა პროდუქტების შესანახად გამოიყენება.
შპს–მ „ერთობა“ EBRD-ის შეღავათიანი კრედიტი 2017 წელს მიიღო და სასაწყობე მეურნეობაც ამავე წელს შექმნა. სესხის მისაღებად მთავარი კრიტერიუმები ენერგოეფექტურობა, ასევე, დანადგარებისა და პანელების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა იყო.
„ევროკავშირის წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ეკოლოგიურ სისუფთავეს. გაყინვისას, ფრეონის წვის დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებები ოზონის შრეს აზიანებს. ამ ნივთიერებების ოდენობა და, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე, სხვა მაცივარ კონტეინერებთან შედარებით, ჩვენი მეურნეობა 50 %–მდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი დანადგარებია,“ – გვიყვება კომპანიის დირექტორი.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზს, რომელიც ევროკავშირისა და EBRD–ის მხარდაჭერით ხორციელდება, 2016 წლის მაისში მოეწერა ხელი. შეღავათიანი კრედიტით საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესი სარგებლობს, რომლის მიზანი პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ზრდა, ანდა ევროპულ ბაზარზე გატანაა. პროექტის პირობის შესაბამისად, ადგილობრივი ბიზნესები ბანკიდან აღებული კრედიტის 10–დან 15 %–მდე თანხას ევროკავშრისგან, ე.წ. „ქეშბექის“ სახით, საჩუქრად იღებენ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ საკონსულტაციო მომსახურებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში მხარდაჭერის მიღება, რაც ევროდირექტივებთან ბიზნესის დაახლოების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის.
მაია ჭანტურიძე