ეკონომიკის სამინისტროსთან DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის მიზანია, შეისწავლოს რა გავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი საკანონმდებლო ცვლილებების და რეგულაციების მიღება ბიზნესზე და საკითხის შესწავლის შემდეგ ხელისუფლებას რეკომენდაციები წარუდგინოს.
ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც როტაციის პრინციპით ერთი წლის ვადით ირჩევენ, ამჟამად Efes Georgia- ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილია.
"საკონსულტაციო ჯგუფის მთავარი მიზანია, რომ ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილების და რეგულაციის მიღება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA გვავალდებულებს, ბიზნესთან თანამშრომლობით და მასთან კონსულტაციის შემდეგ მოხდეს. ევროსაბჭოს რეგულაციები აუცილებლად უნდა შევასრულოთ, რადგან ეს რეგულაციები ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების და დირექტივების შესახებ ბიზნესს ინფორმაცია წინასწარ ჰქონდეს და ბიზნეს გარემო მისთვის პროგნოზირებადი იყოს. ევროკავშირის დირექტივები არჩევანის საშუალებას გვაძლევს. როგორც წესი, შემოთავაზებულია ხოლმე რამდენიმე ვარიანტი და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ თემაზე ვიმსჯელოთ და შემოთავაზებული ალტერნატივებიდან ყველაზე საუკეთესო და ქვეყნისთვის ყველაზე მისაღები მოდელი შევარჩიოთ. საკონსულტაციო ჯგუფში გაერთიანებული ასოციაციების და ორგანიზაციების მეშვეობით ჩვენ, პრაქტიკულად, ქართული ბიზნესის 95%-ს ვფარავთ. ამიტომ ჯგუფს ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ყველა ბიზნესკომპანიისთვის იქნება ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროდან უკვე მივიღეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების და რეგულაციების სია, რომელთა მიღებაც 2016 წელს იგეგმება. შესაბამისად, ახლა ხელისუფლება ელოდება ჩვენს შეფასებებს იმაზე, თუ როგორი გავლენა ექნება ბიზნესზე ამ რეგულაციებს და რა ვადებში იქნება შესაძლებელი და მისაღები მათი შესრულება,"- აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
საკონსულტაციო ჯგუფში გაერთიანებულები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს ეროვნული პლატფორმა და საერთაშორისო სავაჭრო პალატა.
ჯგუფის პირველი შეხვედრა ივლისში გაიმართება.