მცირე და საშუალო მეწარმეებზე ევროპული ბიზნესსესხების გაცემა დაიწყო
“საქართველოს ბანკი” პროექტის - „ევროკავშირი ბიზნესისთვის“- ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებზე შეღავათიანი სესხების გაცემას იწყებს.
აღნიშნული პროგრამა ევროკავშირმა „ღრმა და ყოვლის მომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების“ ფარგლებში 220 მილიონი ლარით დააფინანსა, თანხა კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო.
როგორც საერთაშორისო დონორები აცხადებენ, ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფინანსური პაკეტი კი საკმაოდ მიმზიდველია შემდეგი პირობების გამო:
- კრედიტები ადგილობრივ ვალუტაში ხელმისაწვდომი გახდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საწარმოებისთვის;
- სესხის ვადიანობა ხუთ წლამდეა, აქედან ორი წელი - შეღავათიანია;
- მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეძლებენ კრედიტის 15%-ის დაბრუნებას ფულად გამოხატულებაში (ე.წ, cashback)
- პროგრამის ბენეფიციარები საერთაშორისო ექსპერტებისგან უფასო საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებენ.
- მეწარმეებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისთვის კაპიტალდაბანდება განახორციელონ.
- ბიზნესსესხის ოდენობა 100 ათასიდან 3 მილიონ ევრომდე მერყეობს.
„ევროპული ბიზნესსესხი დაეხმარება მეწარმეებს, შეიძინონ ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა, თუ საცხობის აღჭურვილობა, განაახლონ კომპანიის ავტოპარკი, გაარემონტონ, ან აღადგინონ შენობა-ნაგებობები. ასევე, შესაძლებელია, დააფინანსონ სხვადასხვა მიზნობრიობა, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის, ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს საშუალებას მისცემს მათ, დანერგონ ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტი და აითვისონ ევროპის ბაზარი“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ახალ პროგრამას დეტალურად მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ევრობანკი ხვალ, 10.30 -ზე, ტექნოპარკში დაგეგმილ საინფორმაციო კონფერენციაზე გააცნობს.
მისამართი: ინგოროყვას ქ. N7.
ბელა ნოზაძე