ესტონეთში ქართული ღვინოების გვერდით „ქინძმალი“ და „ხვანცკალი“ იყიდება
ესტონეთში ქართული ღვინოების მსგავსი დასახელებით „ქინძმალი“ და „ხვანცკალი“ იყიდება.
როგორც საქპატენტის თავმჯდომრის მოადგილემ, სოფიო მუჯირმა, eugeorgia.info -ს განუცხადა, უცხოური კომპანიის მიერ ჩამოსხმული გაყალბებული ალკოჰოლური სასმელი დახლებზე ქართული ღვინოების გვერდითაა განთავსებული, შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის დიდი ალბათობა არსებობს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა უკვე გვქონდა ესტონეთის სახელმწიფო სტრუქტურებსა და თავად კომპანიასთან, კომპანიაში გვითხრეს, რომ ამოყიდიან ჩამოსხმულ პარტიას და ქსელში პროდუქციას აღარ განათავსებენ, თუმცა, ეს პროცესი კვლავ გრძელდება. 21 ნოემბერს საქპატენტის თავმჯდომარე ესტონეთში გაემზავრება და შეხვედრებს გამართავს, რომლის ორგანიზებაში აქტიურად ჩართულია საქართველოს საელჩო“, - განაცხადა სოფიო მუჯირმა.
მისი თქმით, „საქპატენტი“, იმავდრულად, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნის ქვეკომიტეტსა და ევროკავშირის გენერალურ დირექტორატს დაუკავშირდა, რომლებმაც დახმარება აღუთქვეს.
„გვითხრეს, რომ დაელოდებიან ვიზიტის შედეგებს, ესტონური მხარის გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით იმოქმედებენ. მოგეხსენებათ, რომ DCFTA-ის ფარგლებში 2012 წელს საქართველომ ევროკავშირთან გეოგრაფული აღნიშვნების დაცვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, როცა ასეთი ტიპის დარღვევებია, ევროკავშირის შესაბამისი გენერალური დირექტორატი პრობლემის გადაწყვეტაში ერთვება. ხელშეკრულება რომ არ გაფორმებულიყო, მისი მოგვარება გაცილებით გართულდებოდა, საჭირო გახდებოდა ესტონეთის სასამართლოში საჩივრის შეტანა, პროცესი კი საკმაოდ დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვდა“, - აღნიშნა „საქპატენტის“ წარმომადგენელმა.
ბელა ნოზაძე