საქართველოში პირუტყვის იდენტიფიკაციის ევროპული სისტემა დაინერგება
საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა (NAITS) შეიქმნება, - შესაბამის პროექტს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონალურ დირექტორმა, ოლივიე ბურკიმ ხელი მოაწერეს.
ოთხწლიანი პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია. მისი თანადამფინანსებელი სხვა დონორებთან ერთად ავსტრიის განვითარების სააგენტოა.
· მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით;
· იდენტიფიცირებულ ცხოველებზე შესაბამისი დოკუმენტის-პასპორტის გაცემა (სადაც მითითებული იქნება ცხოველის საკუთრების და გადაადგილების ისტორია და აღნიშნული იქნება ცხოველის საიდენტიფიკაციო კოდი);
· უნიკალური, საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება მეურნეობებისთვის, ფერმებისთვის, ბაზრობებისთვის, სასაკლაოებსა და სასაზღვრო საინფორმაციო პოსტებისთვის;
· ერთიანი ელექტრონული მონაცემების ბაზის შექმნა, სადაც მეცხოველეობის ფერმებისა და ცხოველების შესახებ მთელი ინფორმაცია მოიყრის თავს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცხოველების იდენტიფიცირება-რეგისტრირება ფერმერებს ბაზრებთან წვდომას გაუიოლებს, ამასთანავე ხელს შეუწყობს პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლების აღრიცხვასა და გაუმჯობესებას, ცხოველების მოშენებას, ქურდობის პრევენციასა და ცხოველთა ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციის პროცესი საქართველოში 2012 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე 2 მილიონ 88 ათასი სული პირუტყვია აღრიცხული. რაც შეეხება წვრილფეხა საქონელს (ცხვარს), მათი აღრიცხვა გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღეს სულ 175 ათას სულია რეგისტრირებული.
როგორც eugeorgia -სთვის არის ცნობილი, 2018-2020 წლებისთვის სასაკლაოებზე საიდენტიფიკაციო კოდების გარეშე საქონლის დაკვლა აიკრძალება.