ევროკავშირში კვალიფიციურ პროგრამისტებზე დიდი მოთხოვნაა
ევროკავშირში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 23%-ს არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია საკუთარი სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად, ამიტომ საჭიროა, ჩვენი მოქალაქეები მომავლისთვოს საჭირო უნარების შეძენაში დავარწმუნოთ,- განაცხადა ევროპული საბჭოს პროფესიონალი ინფორმატიკული საზოგადოებების (CEPIS) გენერალურმა მდივანმა, ფიონა ფანინგმა.
“პროფესიულ და პირად ცხოვრებაში სულ უფრო დამოკიდებული ვხდებით სტაბილურ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე და ეს დამოკიდებულება პერმანენტულად იზრდება, თუმცა, IT-პროფესიონალიზმი ევროპაში ვერ მიჰყვება ბაზრის მოთხოვნებს. კომპანიების 40%, რომელიც ცდილობს პროგრამისტების დაქირავებას, აცხადებს, რომ საკმაოდ რთულია პროფესიონალების მოძიება. კადრების მზარდი დეფიციტი ევროპის ეკონომიკურ ზრდას, კონკურენტუნარიანობასა და დასაქმებას ხელს უშლის,” - აღნიშნა ფიონა ფანინგმა ევროპულ მედიასაშუალება euractiv.com-თან საუბარში.
როგორც ევროპელი მოხელე აცხადებს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა IT-დეველოპერების გადამზადებასა და მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
CEPIS-მა უკვე დააფუძნა ორგანიზაციების ქსელი ITPE (საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალიზმი -ევროპა), რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სამუშაო ძალის გენერირებაზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (DCFTA) როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ევროკავშირში კომპიუტერულ მომსახურების ექსპორტი განახორციელონ.