2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი: ლარის კურსი და ეკონომიკური განვითარების დადებითი და უარყოფითი სცენარები
ლარის კურსის ცვალებადობა სახელმწიფო ბიუჯეტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, - აღნიშნულია 2017 წლის ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში მოცემულია ქვეყნის წინაშე არსებული რისკები და ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე, ასევე დამუშავებულია პოზიტიური და ნეგატიური სცენარები.
პოზიტიური ფაქტორები
როგორც მთავრობა იმედოვნებს, მომავალ წელს მოსალოდნელ პოზიტიურ ფაქტორებში ვაჭრობის გაფართოება, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან (DCFTA), EFTA -ს ქვეყნებთან (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი), ასევე ჩინეთთან, რომელიც გაისად ამოქმედდება, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციისთვის გასაღების ბაზრების ზრდას.
“საქართველოს აქვს პოტენციალი გაზარდოს სატრანზიტო დერეფანი და მეზობელ ქვეყნებს (თურქეთს, ირანს, რუსეთს და სომხეთი) შორის ვაჭრობა მისი გავლით მოხდეს, რაც მომავალში წარმოქნის დამატებით შემოსავალს და დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მეორე ფაქტორად დოლარიზაციის შემცირება დასახელდა, რომლის საფუძველზე საგარეო ფაქტორები და კურსის მერყეობა ნაკლებად ნეგატიურ გავლენას მოახდენს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალზე. შეამცირებს ქართული ეკონომიკის უცხოური ვალუტაზე დამოკიდებულებას.
ამასთანავე, დასახელდა ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის გაუმჯობესება, რის გამოც მოსალოდნელია მოხმარებისა და კერძო ინვესტიციების ზრდა.
ნეგატიური ფაქტორები
უარყოფით ფაქტორებში დასახელდა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელება, მათ შორის, რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.
“აღნიშნულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების და გეოპოლიტიკური რისკების საფრთხე უარყოფითად აისახება საქართველოს ექსპორტზე, რაც თავის მხრივ, მიმდინარე ანგარიშის ბალანსს აუარესებს. რეგიონში არსებული პრობლემები ასახვას ჰპოვებს მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო საკრედიტო რეიტინგებზეც, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობაზე”, - აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტში.
მოსალოდნელ ნეგატიურ ფაქტორებს შორის დასახელდა გლობალიზაციის პროცესის შენელება და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების შესუსტებაც.
“2015 წელს საქონლით ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. სავალუტო ფონდის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა. საგარეო ვაჭრობის ზრდის შენელებას ხელი შეუწყო საქონლის ექპორტიორი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნის და ასევე ჩინეთის მიერ შუალედური პროდუქციის იმპორტის შემცირებამ. 2010 წლის შემდეგ შენელდა კაპიტალის შემოდინება განვითარებად ქვეყნებში. გასათვალისწინებელია ასევე განვითარებადი ქვეყნებიდან ინვესტორების მიერ კაპიტალის გატანის ბოლოდროინდელი მზარდი ტენდენცია. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს”, - წერია დოკუმენტში.
რისკებში მოხსენებულია აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა, რომლის მიზეზია ქვეყნის ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპები და უმუშევრობის შემცირება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვევს აშშ-ში კაპიტალის ნაკადების შემობრუნებას და ინვესტიციების შემცირებას ახალი ბაზრის ქვეყნებში.
გარდა ამისა, მთავრობის აზრით, ბოლო პერიოდში ჩინეთის ეკონომიკის სტაგნაცია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, შეიძლება გახდეს მისი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორიც. “ჩინეთის ეკონომიკის შემცირება ყველაზე მეტ პრობლემას შეუქმნის ნედლეულისა და საინვესტიციო საქონლის მწარმობელ ქვეყნებს. შესაბამისად, მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ იქნება ძლიერი. თუმცა, ბოლო წლებში ჩინეთი გადაიქცა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან წყაროდ. შესაბამისად ჩინეთის ეკონომიკის შემცირება ნეგატიურად იმოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე საქართველოში”- წერია სახელმწიფო ბიუჯეტში.
2017 წლის ეკონომიკური ზრდის განვითარების სცენარები
მთავრობის საბაზისო სცენარი ეყრდნობა 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდასა და 4-პროცენტიან ინფლაციას. საბაზისო სცენარის მიხედვით, 2017 წლისათვის დაგეგმილია 10 მილიარდ 530 მილიონი ლარის შემოსავლის მობილიზება, საიდანაც 9 მილიარდ 540 მილიონი ლარი იქნება საგადასახადო შემოსავლები, საოპერაციო სალდო- 1 მილიარდ 436 მილიონი ლარი, არაფინანსური აქტივები - 1 მილიარდ 662 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი (სსფ-თან შეთანხმებული მეთოდოლოგიის მიხედვით) დაფიქსირდება 1 მილიარდ 488 მილიონი ლარის დონეზე.
მთავრობის პოზიტიური სცენარის მიხედვით, გაისად ქვეყნის ეკონომიკა 5,4 პროცენტით, ხოლო ფასების დონე 5,3 პროცენტით გაიზრდება, რაც განაპირობებს საგადასახადო შემოსავლების და შესაბამისად, მთლიანი შემოსავლების ზრდას 101,9 მილიონი ლარით დაგეგმილთან შედარებით.
“პოზიტიური სცენარის განვითარების შემთხვევაში, მთავრობა არ გაზრდის მიმდინარე ხარჯებს. შესაძლოა, ნაწილობრივ გაიზარდოს კაპიტალური ხარჯები. ხოლო ჭარბი შემოსავლების დარჩენილი ნაწილით შემცირდეს ბიუჯეტის დეფიციტი”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება უარყოფით სცენარს, ის ეყრდნობა ეკონომიკის 2,6-პროცენტიან და ფასების 2,7-პროცენტიანი ზრდას. ასეთ პირობებში, ხელისუფლება ელოდება საგადასახადო შემოსავლების 101,9 მილიონი ლარით კლებას.
“ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის პასუხი იქნება: 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტის ნომინალური სიდიდის შენარჩუნება. ძირითადად შემცირდება არაფინანსური აქტივების ზრდა. ასევე შესაძლოა ნაწილობრივ შემცირდეს მიმდინარე ხარჯებიც”, - წერია დოკუმენტში.
მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გავლენა ფისკალურ მდგომარეობაზე
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან ფისკალურ მდგომარეობაზე მხოლოდ ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია ახდენს, კერძოდ, თუ ფასები დადებითი სცენარის მიხედვით 5,3%-ით გაიზრდება, ბიუჯეტი დამატებით, 85,4 მილიონ ლარს მიიღებს, უარყოფით სცენარის განვითრების შემთხვევაში კი იმავე მოცულობით დააკლდება, თუმცა, პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ხარჯების ნაწილშიც (37,2 მილიონი ლარით).
ხელისუფლების მტკიცებით, ლარის გაცვლითი კურსი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ფისკალურ პარამეტრებზე, თუმცა, საბაზისოდ აღებულია კურსი 1 დოლარი/2,50 ლარი. თუ დადებითი სცენარით წარიმართება, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,44 ნიშნულს გაუტოლდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს 9,4 მილიონი ლარით შეამცირებს, ხოლო ხარჯებს - 8,5 მილიონი ლარით. უარყოფითი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ლარის კურსი 2,56 ნიშნულს მიაღწევს, თუმცა, შემოსავლები 9,4 მილიონი ლარით გაიზრდება, ხოლო ხარჯები - 8,5 მილიონი ლარით.
ბელა ნოზაძე