ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას მიაღწიეს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას კენჭი შეიძლება, მომავალ კვირას უყარონ
ევროკავშირის პარლამენტმა, საბჭომ და კომისიამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწია, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
“ეს შეთანხმება დაბალანსებული და უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის როგორც ეფექტურობის, ასევე სანდოობისთვის. არსებული შეჩერების მექანიზმი ადეკვატური არ იყო, ახლა კი გაუმჯობესდება. ამავე დროს, ეს შეთანხმება ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებებში პროგრესს ხელს შეუწყობს იმ ქევყნებთან, რომლებმაც ყველა აუცილებელი მოთხოვნა შეასრულეს”, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, რობერტ კალინიაკმა.
იმავდროულად, ევროპარლამენტარებმა, კატი პირმა და მარია გაბრიელმა საკუთარ ტვიტერზე დაწერეს, რომ შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის გადაწყვეტილებაზე კენჭისყრა ბრიუსელში მომავალ კვირას შედგეს.
"სასიხარულოა,რომ ევროკავშირში მიღწეულია კონსესუსი შეჩერების მექანიზმზე, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის. დარჩა კოდევ ოფიციალური პროცედურები, პარლამენტში კენჭისყრა მათ შორის, როგრც შეჩერების მექანიზმის, ისევე საქართველოს საკითხზე. თუმცა, არსებობს ურყევი ნება და მზაობა ეს პროცედურებიც მალე დასრულდეს და ვიმედოვნებთ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით. საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია", - ასე გამოეხმაურა თავის მხრივ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი საკუთარ გვერდზე "ფეისბუქში".
ახალი რეგულაციის მიზანია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გაძლიერება. ის უმარტივებს წევრ-ქვეყნებს, მიიღონ ინფორმაცია იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვიოს. ევროკავშირის კომისიას უფლებას აძლევს, საკუთარი ინიციატივით გამოიწვიოს მექანიზმი, აგრეთვე ავალდებულებს ევროპარლამენტსა და საბჭოს გაუგზავნოს ყოველწლიური მოხსენება, თუ რამდენად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს “მესამე ქვეყნები”, რომლებიც ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლოთ სარგებლობენ.
შეჩერების მექანიზმის საფუძველი შეიძლება გახდეს რეადმისიაში თანამშრომლობის შესუსტება, რეადმისიაზე უარყოფილი აპლიკაციების მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის, მესამე ქვეყნების წარმომადგენლების ტრანზიტზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრი-ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკა და შიდა უსაფრთხოების გაზრდილი რისკები.
ახალი რეგულაციით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პროცედურის ვადა 6 თვიდან 3 თვემდე მცირდება.
შეთანხმებული დოკუმენტი ევროპარლამენტს გადაეცემა ხმის მისაცემად პირველ კენჭისყრაზე, შემდეგ კი კომისიას - მისაღებად.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რეგულაცია უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ 2013 წელს მიიღეს, თუმცა, მიგრაციული კრიზისისა და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის შეთავაზებული ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გამო ევროკავშირმა გადაწყვიტა, 2016 წლის მაისში, არსებული მექანიზმისთვის გადაეხედა. როგორც ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, საქართველომ და უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა და ახალი მექანიზმის ამოქმედებისთანავე უვიზო მიმოსვლას მიიღებენ.