ფერმერებს ბიოწარმოებაზე მეტი ინფორმაცია ესაჭიროებათ
ბიომეურნეობას საქართველოში სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს, - აღნიშნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულაციო სამსახურის უფროსმა, კოტე ჯავახიამ სემინარზე, რომელიც "DCFTA სტანდარტებზე ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში" პროექტის ფარგლებში 12-13 დეკემბერს ქუთაისში გაიმართა.
ღონისძიებას იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის, სვანეთისა და აჭარის საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით ორგანიზაციები - “ელვა”, “კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი” და “CNFA-საქართველო” ახორციელებენ.
კოტე ჯავახიას თქმით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით დაინტერესებას დღეისათვის, ძირითადად, ყურძნისა და ღვინის მწარმოებელი მეურნეობები იჩენენ.
"უკვე 50-მდე მევენახე-ფერმერი ჩაერთო ამ პროცესში და კერძო კონსულტანტის დახმარებით დაიწყეს ვენახის მოვლა-გაშენება, მაგალითად, ჩამოყალიბებულია უნიკალური ყურძნის ჯიშის ოცხანური საფერეს ვენახი 30 ჰა-მდე, ეს მეურნეობა გათვლილია აგროტურიზმზე და უკვე ერთ წელიწადში ექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტურისტების მისაღებად“, - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.
საქართველოში ბიოწარმოების პოტენციალზე ყურადღება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სხვა ტრენინგებზეც გაამახვილეს. მცხეთა-მთანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ კიკნაველიძის თქმით, მისი რეგიონი მწვანე ზონად არის გამოცხადებული და იქ ეკოლოგიური მეურნეობებისთვის ხელსაყრელი გარემოა.
„მცხეთასთან მუხრანის ველი შედარებით დაბინძურებულია პესტიციდებით, მაგრამ დუშეთს, თიანეთს, ყაზბეგს აქვს ბიოწარმოების განვითარების პოტენციალი. საბჭოთა პერიოდიდან დღემდე იქ მძიმე გადამამუშავებელი ქარხნები არ არსებობდა, შესაბამისად, ბიოწარმოების დანერგვას ვფიქრობთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში, ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, მიწოდება კი მოთხოვნას ჩამორჩება. თუკი ამ მიმართულებით მივმართავთ წარმოებას, ევროპა თავად დაინტერესდება ჩვენი პროდუქციით. ვვარაუდობ, რომ 3-4 წელიწადში რეგიონში ნამდვილად იქნება ის პროდუქტები, რომლებიც თავის ნიშას დაიკავებენ ბაზარზე და მათი ექსპორტირებაც შესაძლებელი იქნება", - აცხადებს კიკნაველიძე.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბიოსერტიფიკატის მოპოვება უკვე არაერთ ფერმერს უნდა და ამ მიმართულებით ცენტრები მეტ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ.
„სამომავლოდ მივესალმები, თუ დამატებითი ტრენინგები ჩატარდება ბიოწარმოებაზე - თუ როგორ შეიძლება, ფერმერმა ბიოპროდუქტი მოიყვანოს და მოიპოვოს სერტიფიკატი. ძირეული ინფორმაციის ცოდნა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო პოპულარული ხდება ეს მიმართულება“, - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, ნიკა ბერიაშვილმა.
თუმცა, ცენტრებში იმასაც აღნიშნავენ, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის და საჭიროა არსებული გამოცდილების ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
"სამსახურების ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის სასურველი იქნებოდა, პირველადი წყაროდან გვქონდეს ინფორმაცია საერთაშორისო სანიმუშო წარმოების პრაქტიკის შესახებ. მაგალითად, როგორ ხდება ექსტენცია, ბიოპროდუქტების მოყვანა ევროპაში, რა საშუალებებს იყენებენ. ეს ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაშიც რომ დაინერგოს გამოცდილი, ეფექტიანი წარმოება," - აცხადებს თეთრი წყაროს საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, გიორგი გაიოზაშვილი. ის საუბრობს პრაქტიკული ტრენინგების მნიშვნელობაზეც: "შეიძლება, ქვემო ქართლში გლეხს ვურჩიო თხილის გაშენება, მაგრამ არ ვიქნები სწორი, რადგან თხილი ვერ შეეგუება იქაურ კლიმატურ პირობებს.“
აგრონომი ახალციხიდან ლიანა თედორაძე აცხადებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების გარკვეული გამოცდილება ცალკეულ მეურნეობებს უკვე გააჩნიათ.
"მე, პირადად, გავიარე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ტრენინგი, თუ როგორ იწარმოება ასეთი პროდუქტები. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის საწარმოო პრაქტიკა ნელ-ნელა დიდ მნიშვნელობას იძენს ფერმერებში, რადგან ისინი მოსავლის მოყვანისას იყენებენ ბიოლოგიურ პრეპარატებს, თვითონ ამზადებენ ჭინჭრის, ლაშქარას სასუქებს ,იყენებენ შრატსაც", - აღნიშნავს ახალიციხელი აგრონომი.
თუმცა, ლიანა თედორაძე მიიჩნევს, რომ ბიოწარმოების გარდა, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდა შესაძლებელია ზოგიერთი არატრადიცული კულტურის მოყვანითაც.
"სოფელ ვალეში, ძირითადად, კომბოსტოს წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი. ხშირად კი ისე ხდება, რომ მოყვანილი კომბოსტო დაბალი ფასის გამო გადასაყრელი უხდებათ,ე.ი. მთელი წლის შრომა და ჩადებული რესურსი წყალშია ჩაყრილი. ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს ვურჩიე, ეწარმოებინა ბროკოლი. მან მართლაც გაითვალისწინა რჩევა და მოიყვანა ეს პროდუქტი. ჩვენი სამსახური დამატებით დაეხმარა რეალიზაციაში - დავუკავშირდით მსხვილ მარკეტებს, რათა სხვა ფერმერებსაც დაენახათ განსხვავებული პროდუქტის წარმოების (დივერსიფიკაციის) მომგებიანობა. ეს ფერმერი დღესაც აგრძელებს ბროკოლის წარმოებას, რადგან ამ კულტურამ შედარებით მაღალი მოგება მოუტანა. თუმცა,შეფუთვა-ეტიკეტირება, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა. ერთ-ერთი კარტოფილის მწარმოებელი, მახარე მაცუკატოვი, აფასოებს და შესაბამისი შეფუთვით ყიდის თავის პროდუქტს დიდ სუპერმაკეტებში. წარმოების ეს კულტურაც თანდათან ინერგება", - აცხადებს ლიანა თედორაძე.
მარიამ ლუკაშვილი