დიდი ბრიტანეთის მთავრობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს გეგმავს, საქართველოს მთავრობა პროცესებს აკვირდება
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დღეს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ 26 იანვარს თემთა პალატაში პირველ მოსმენაზე შეიტანა.
ბრიტანული მედიის აზრით, თემთა პალატაში პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ინიციატივას წინააღმდეგობას არ გაუწევენ და 1-ლ თებერვალს 650 დეპუტატიდან უმრავლესობა მხარს დაუჭერს. შემდეგ კი პარლამენტის კომიტეტებში დოკუმენტის განხილვა დაიწყება. პროცედურების მიხედვით, კანონპროექტს თემთა პალატაში მესამე მოსმენით 8 თებერვალს მიიღებენ, შემდეგ კი ლორდთა პალატას გადაუგზავნიან, სადაც ასევე სამი მოსმენით განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ „თორებს“ უმრავლესობა არ გააჩნიათ, ბრიტანეთის მედიის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დეპუტატებმა მოსახლეობის არჩევანს „ბრექსითზე“ მხარი არ დაუჭირონ. საბოლოო შეთანხმების შემდეგ კი კანონპროექტი დედოფალ ელისაბედ მეორესთან გაიგზავნება ხელმოსაწერად და კანონის სახეს მიიღებს.
როგორც ბრიტანული გაზეთი „ტაიმსი“ წერს, პარლამენტი დოკუმენტს, სავარაუდოდ, 7 მარტს მიიღებს; ტერეზა მეი კი ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირიდან გამოსვლის ორწლიანი პროცედურა დაიწყება, 9 მარტს მალტაში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე გააჟღერებს.
ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება იმ სავაჭრო ხელშეკრულებების გადახედვის ან კონფირმაციის საკითხი, რომელიც ინგლისს აქვს გაფორმებული ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთანაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას აქტიურად აფიქსირებს. 13 იანვარს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ბილ ინგლიშის ლონდონში ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ ახალი ხელშეკრულება იყო. ორი დღის წინ კი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ტერეზა მეიმ განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა დაუყოვნებლივ შეუდგება სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც ძალაში „ბრექსითის“ შემდეგ შევა.
„ეს არის პირველი ნაბიჯი აშშ-სთან მომავალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების გზაზე, რომელიც ჩვენს ეკონომიკას უზარმაზარ სარგებელს, ხოლო ბიზნესებს დამატებით სტაბილურობასა და საიმედოობას მოუტანს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
eugeorgia.info დაინტერესდა, მუშაობს თუ არა საქართველოს მთავრობა ინგლისთან ახალი სავაჭრო შეთანხმების მომზადებაზე. როგორც ეკონომიკის განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ განუცხადა, ჯერ კიდევ გაურკვეველია და გადაწყვეტილი არ არის, რა პირობებით ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს, შესაბამისად, ქართული მხარე შედეგს ელოდება და პროცესებს აკვირდება.
„დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის ფორმები ჯერ არ არის გადაწყვეტილი. არ ვიცით, როგორ იქნება, შეიძლება, დარჩეს კიდეც შეთანხმებებში. ჩვენ დსთ-დან გამოვედით, მაგრამ დსთ-ის ზოგიერთ შეთანხმებაზე მიერთებული დავრჩით, რადგან გვაწყობდა. თუ დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან და DCFTA-ის ხელშეკრულება ძალაში აღარ იქნება, დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომ გავაფორმოთ ცალკე შეთანხმება, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. წინასწარ როგორ მოვილაპარაკებთ, როცა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრია. ჩვენო საელჩო კონტაქტზეა და კონსულტაციებს აწარმოებს ბრიტანულ მხარესთან“,- განაცხადა მარიამ გაბუნიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინგლისთან 2016 წელს 158 მილიონი დოლარით განისაზღვრა, აქედან ექსპორტმა 15 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 144 მილიონი დოლარი. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში პირველი ქვეყნაა, სადაც ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი- მატყლი- გავიდა. აღნიშნული ბაზარი საინტერესოა ასევე ღვინის მწარმოებლებისთვისაც.
ბელა ნოზაძე