ქართული პრემიუმ-ბრენდის ტანსაცმელი ევროპაში იყიდება
ქართულ კომპანია ‘მატერიას“ პრემიუმ-ხაზის ტანსაცმელი შვეიცარიასა და იტალიაში ექსპორტზე გააქვს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, სალომე მიქაშავიძემ EUGEORGIA.INFO -ს განუცხადა, ბრენდი „მატერიელის“ პროდუქცია სეზონურად, პარიზში მოდების კვირეულზე შოურუმებშია წარმოდგენილი, რის საფუძველზეც კომპანიას უცხოელი ბაიერები უკავშირდებიან და შეკვეთებს აძლევენ.
„ზოგიერთი ბაიერი ჩვენთან სისტემატურად თანამშრომლობს, ზოგჯერ შეკვეთას ერთჯერადი ხასიათი აქვს. ჩვენს მოდელებს ვუგზავნით და საკუთარ მაღაზიებში ყიდიან“, -აღნიშნეს კომპანიაში.
„მატერიელი“ ქალის ტანსაცმლის ხაზით არის წარმოდგენილი. პროდუქციის ფასი ცალკეული სახეობების მიხედვით, 300-1 200 ლარში მერყეობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმის გამო, რომ ტანსაცლის შესაკერად საჭირო ნედლეული საქართველოში არ იწარმოება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ვერ სარგებლობენ, ეს კი პროდუქციის რეალიზაციაში ხელს უშლით.
„სულ პრობლემა გავქვს ბაიერებთან, ითხოვენ საბუთებს, რომ განბაჟების გარეშე შევიდეს პროდუქცია. ამის გამო ბევრჯერ დაგვიკარგავს შეკვეთა. ხანდახან კომპრომისზე მივდივართ და ძალიან დიდი ფასდაკლებებით ვატანთ, რათა გარკვეული თანაშრომლობა ჩამოყალიბდეს ჩვენს შორის“, - განაცხადა სალომე მიქაშავიძემ.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პრობლემა მალე გადაიჭრება, მას შემდეგ, რაც თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება ამოქმედდება. შედეგად, მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეული, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ საბაჟო კავშირშია, ქართულად ჩაითვლება და გადამუშავებული პროდუქცია ნულოვანი საბაჟო ტარიფებით შევა ევროკავშირში.
„მატერიელის“ გარდა, კომპანია საშუალოშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი ხაზი „დოთსიც“ აქვს, ორივე მათგანს ქართველი დიზაინერები ქმნიან. თუმცა, ექსპორტზე პრემიუმ-ბრენდი გადის.
„მატერიელის“, დაახლოებით, 30% უცხოეთში იყიდება, თუმცა, დანარჩენი 70%-იდან 80%-ს საქართველოში ჩამოსული ტურისტები ყიდულობენ, ამას ჩვენი მაღაზიების ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს, რომლებიც თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, ბათუმში კი სასტუმრო „ჰილტონში“ მდებარეობს“, - აღნიშნა სალომე მიქაშავიძემ.
ევროპის გარდა, ქართული კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, იტალიაში, ჩინეთში, სომხეთში, ყატარში, ქუვეითსა და უკრაინაში გადის. განსაკუთრებით აქტიურია ონლაინ-გაყიდვები, მათ შორის, აშშ-ში, სადაც უახლოეს დღეებში კომპანია თავის პირველ მაღაზიას გახსნის.
„მატერიის“ ძირითადი პროდუქცია ამ ეტაპზე მაინც უნიფორმებია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში უპირობოდ იმარჯვებენ და სპეციალურ ტანსაცმელს რამდენიმე უწყებას, მათ შორის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციას, ქართულ ჯარს, სახანძრო სამსახურს, მერიის დასუფთავების სამსახურს, „საქართველოს ფოსტას“ და რაგბის ეროვნულ ნაკრებს უკერავენ. გაზრდილი წარმოების გამო კომპანიამ ახალი ფაბრიკა გახსნა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა 2,5 მილიონი ლარი დაუჯდა, აქედან 1,2 მილიონი ლარის ოდენობის ბიზნესსესხი „მატერიალმა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) აიღო. ფაბრიკაში 250 ადამიანია დასაქმებული.
„ადრე შენობას ვქირაობდით, ჩვენი საწარმოც შედარებით პატარა იყო, ლაბორატორია ცალკე გვქონდა ლესელიძეზე, სადაც მოდელები იკერებოდა, ახლა ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. იმდენად ბევრი ტენდერი გვქონდა საქართველოში, რომ უცხოეთში, თუნდაც, უნიფორმების, ან სხვა მასობრივი პროდუქციის შეკვეთების მოძიებაზე არც გვიფიქრია. ახალი საწარმოო ხაზი ამის საშუალებას გვაძლევს. გვსურს მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობა, ისეთებთან, როგორიცაა, მაგალითად, „ზარა“. გარდა ამისა, ვგეგმავთ ფეხსაცმელების ხაზის დამატებასაც“, - აღნიშნა სალომე მიქაშავიძემ.
კომპანია „მატერია“ 1959 წელს დაფუძნებული „მოდელების სახლის“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მსხვილი სამკერვალო საწარმოიყო. 90-იან წლებში ობიექტი დაიშალა,2003 წელს კი ერთ-ერთმა მფლობელმა მისი რებრენდინგი და გადაიარაღება განახორციელა.