ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ვებგვერდი ერთ თვეში ამოქმედდება
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) შესახებ სამთავრობო ვებგვერდი, დაახლოებით, ერთ თვეში ამოქმედდება.
როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში eugeorgia.info-ს განუცხადეს, ვებგვერდზე, რომლის სავარაუდო მისამართი იქნება dcfta.gov,ge, ან dcfta.ge, დაინტერესებული პირებისთვის ევროკავშირთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება.
„ექსპორტიორებისთვის მოცემული იქნება ინფორმაცია, რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს მათმა პროდუქციამ, რათა ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს, რა პროცედურების გავლა დასჭირდებათ ამისთვის, განთავსებული იქნება პროექტები, რომელიც DCFTA -ის ფარგლებში მომზადდა და მიმდინარეობს, ასევე აიტვირთება ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებისთვის მიიღო საქართველომ, როგორც წლების, ასევე სფეროების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს DCFTA-ის განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ჩიტაძემ.
მისი თქმით, უკვე დასრულებულია ვებგვერდის ქართული ვერსია და მიმდინარეობს უცხო ენაზე მისი თარგმნა და დახვეწა. ამ პროცესში კი ქართულ მხარეს საერთაშორისო დონორი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ეხმარება.