„საქკაბელი“ სამ გერმანულ კომპანიასთან პროდუქციის ექსპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
„საქკაბელი“ სამ გერმანულ კომპანიასთან პროდუქციის ექსპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ედიშერ მამალაძემ eugeorgia.info - ს განუცხადა, მარტში „საქკაბელის“ წარმომადგენლები ევროპაში გაემგზავრებიან, სადაც პოტენციურ პარტნიორებს საკუთარი პროდუქციის ნიმუშებს წარუდგენენ. კონტრაქტის მოცულობის შესახებ წინასწარ ინფორმაციას კომპანიაში, ჯერჯერობით, არ ფლობენ.
„ჩვენი პროდუქციის ფასი გაცილებით ხელსაყრელი იქნება, რადგან გადასახადები და შრომითი დანახარჯები საქართველოში გაცილებით ნაკლებია, ხარისხი კი ძალიან კარგი გვაქვს. აგვისტოში გადაიარაღება განვახორციელეთ და როგორც ქარხნის წარმადობა გავზარდეთ, ასევე ახალი სახეობები დავამატეთ, მათ შორის, ევროპული სტანდარტის კაბელები ჰალოგენების გარეშე და ცეცხლმედეგი თვისებით, რაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს ეგროპაში“, - განაცხადა ედიშერ მამალაძემ.
მისი თქმით, გერმანიაში „საქკაბელის“ წარმომადგენლები ერთი თვით დარჩებიან, სადაც ელექტროაპარატურისა და კაბელების მწარმოებელ კომპანიებში თანამედროვე ტექნოლოგიებს აითვისებენ.
„ტრენინგებს ორგანიზება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და გერმანიის ეკონომიკურმა საბჭომ გაუწია. ეს, პრაქტიკულად, პირველი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო სერთიფიცირების პროცესში, რომლის მიღებას ჩვენი კომპანია ცდილობს“, - აღნიშმა ედიშერ მამალაძემ.
აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის წყალობით ქართულ პროდუქციას საშუალება ეძლევა ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდეს, თუმცა, ექსპორტისთვის საჭირო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღებას უკვე მესამე წელია, „საქკაბელი“ ვერ ახერხებს. მას უცხოეთიდან ევროკომისიაში ნოტიფიცრებული ლაბორატორიების წარმომადგენლების მოწვევა ესაჭიროება, ვინაიდან საქართველოში ჯერ არ არსებობს ორგანო, რომლის გაცემულ სერტიფიკატს ევროკავშირი უპირობოდ აღიარებს. უცხოელი სპეციალისტების მომსახურება კი რამდენიმე ათასი ევრო ჯდება, რაც კომპანიებისთვის ძვირი სიამოვნებაა.
"საქკაბელი" საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი საწარმოა. ქარხანა, რომელიც 1958 წელს დაარსდა, ამჟამად სპილენძისა და ალუმინის კაბელების 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, სადაც ბაზრის 25-30%-მდე უკავია; 2010 წლიდან „საქკაბელი“ ექსპორტზე სომხეთშიც გადის. ზესტაფონში მდებარე კომპანიამ გასულ წელს შეღავათიანი სესხის სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, საწარმოში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ახალი დანადგარები და საწარმოო ხაზი დაამონტაჟა.
კომპანიის რეალიზაცია 2016 წლის 6 თვეში წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ლარის დევალვაციისა და ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, გაყიდვები არ შემცირებულა.
„მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ქვეყანაში აქტიურად შენდება სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები, ამიტომ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს. გადაიარაღების შედეგად შეგვიძლია, 50 მილიონი დოლარის პროდუქცია გამოვუშვათ, თუმცა, ეს არ ნიშანავს, რომ საწარმოო სიმძლავრეები სრულად ავითვისეთ, ამიტომ გასაღების ახალ ბაზრებს აქტიურად ვეძებთ“, - აღნიშნა ედიშერ მამალაძემ.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს