მცირე საწარმოებისა და ინოვაციური კომპანიებისთვის საქართველოში “ევროპის საინვესტიციო ბანკმა” ორი პროგრამა წამოიწყო
“ევროპის საინვესტიციო ბანკი” (EIB) ევროკომისიასთან ერთად საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისთვის ორი ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამები მომზადებულია ევრკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში.
პროგრამა DCFTA Initiative East- ის ფარგლებში შეიქმნა ინსტრუმენტების პაკეტი, რომელიც განკუთვნილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა (საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა). ის ორიენტირებულია აღნიშნული ქვეყნების ბაზრებზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოცანების შესრულებაზე, მათ შორის, ბარიერების მოხსნასა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროპულ ბაზარზე მოსახვერად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე.
ინიციატივა ხელს უწყობს საწარმოებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობას, ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთებითა და პირობებით სესხების მიწოდებასა და პირველადი დანაკარგებისთვის საპორტფელო გარანტიებით უზრუნველყოფას; საშუალებას აძლევს ადგილობრივ შუამავალ ბანკებს, საკუთარ თავზე მეტი რისკი აიღონ და ეკონომიკის აუთვისებელ სეგმენტებში შეაღწიონ.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს:
- ადგილობრივი და სხვა ფინანსური შუამავლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების სესხებისთვის გარანტიების შეთავაზებას, რომელიც აუმჯობესებს დაკრედიტების პირობებს;
- ფინანსური შუამავლების მონაწილეობით ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ინსტიტუციონალურ და საკონსულტაციო მომსახურებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებული ფოკუსირებით სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაზე;
- ადგილობრივი მიკროსაფინანსო ინსტიტუტების გავლით მიკრო საწარმოების მხარდაჭერას.
პროგრამა "InnovFin – EU Finance for Innovators" EIB-ისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივაა “ევროკავშირის კვლებისა და ინოვაციების პროგრამის” - Horizon 2020 -ის ფარგლებში.
InnovFin ფინანსირებისა და საკონსულტაციო მომსახურების ინტეგრირებული და დამატებული ინსტრუმენტებისგან შედგება და ინოვაციებისა და კვლევების ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას მთლანად ფარავს. მისი მიზანია, საწარმოებს მასშტაბების მიუხედავად, ინვესტიციების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
2017 წლის თებერვალში ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) და “პროკრედიტბანკმა” InnovFin-ის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილ პირველ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მიხედვით, “პროკრედიტბანკმა” მომდევნო ორი წლის განმავლობაში ინოვაციური ქართული კომპანიები 50 მილიონი ევროს მოცულობის გარანტიებით უნდა უზრუნველყოს.
“ორივეს - საქართველოსა და ევროკავშირის - ინტერესებშია, იმუშავონ კერძო ბიზნესების გაძლიერებაზე საქართვეკლოში. ძლიერი კერძო სექტორი, განსაკუთრებით, წარმოდგენილი მცირე და საშუალო ბიზნესებით,. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოში ზრდისა და სამუშაო ადგლების შექმნის, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ორი პროგრამის შესაძლებლობები საქართველოს კერძო სექტორის კონტექსტში”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე EIB -ს ვიცე-პრეზიდენტმა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების საკითხებში, დარიო სკანაპიეგომ.
პრესკონფერენციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ევროკავშირის საინვესტიციო ბანკის დირექტორი სამეზობლო ქვეყნებში, ჰაინც ოლბერსი დაესწრნენ. პროგრამების დეტალები ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ინსტიტიტების, სამრეწველო ასოციაციების 200-მდე წარმომადგენელსა და ფინანსურ ზედამზედველებს გააცნეს.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს