დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს შეინარჩუნებს
დიდი ბრიტანეთი 2019 წლისთვის, როდესაც ევროკავშირს საბოლოოდ დატოვებს, არსებული სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებას გეგმავს, - ამის შესახებ განცხადება დღეს ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) ფარგლებში, საქართველო ბრიტანეთთან შეღავათიანი საბაჟო რეჟიმით სარგებლობს. შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა.
„ევროკავშირის დატოვებისას, დიდი ბრიტანეთი განვითარებად ქვეყნებთან, როგორიცაა, იამაიკა, პაკისტანი და განა, ურთერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს იკვლევს, ასევე ყველა მათგანთან, რომლებიც დღეისათვის დიდი ბრიტანეთში სარგებლობენ შემცირებული, ან ნულოვანი საბაჟო ტარიფებით, უკვე არსებულ სავაჭრო შეთანხმებებს ინარჩუნებს“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 48 ყველაზე ნაკლებად განვითარებად ქვეყანაზე, რომლებიც შეღავათიანი საბაჟო რეჟიმით ისარგებლებენ.
„ევროკავშირიდან გასვლა შესაძლებლობაა, დანარჩენი მსოფლიოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე ვიმუშავოთ, და არა - მათ გავექცეთ. თავისუფალმა და სამართლიანმა ვაჭრობამ ღარიბ ქვეყნებს თავისუფლება მიანიჭა. დღევანდელი განცხადება ადასტურებს ჩვენს მისწრაფებას, დავეხმაროთ განვითარებად ქვეყნების ეკონომიკის ზრდასა და ვაჭრობის მეშვეობით სიღარიბის შემცირებაში“, - განაცხადა საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა, ლაიამ ფოქსმა.
დიდ ბრიტანეთში განვითარებადი ქვეყნებიდან ყოველწლიურად 22,8 მილიარდი ევროს პროდუქცია შედის. აქედან, ნახევარი ტანსაცმელზე მოდის, მეოთხედი - ყავაზე, კაკაოზე, ბანანებსა და ვარდებზე. საქართველოდან დიდ ბრიტანეთში, ძირითადად, ღვინო გადის, ასევე ინგლისი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც ექსპორტზე ცხოველური წარმოშობის პროდუქცია - მატყლი გავიდა.
როგორც ევროკავშირის წევრი, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 140 ქვეყანას 12 მილიარდი ევროს დახმარებას უწევს. შესაბამისად, მას დიდი გავლენა ჰქონდა ევროკავშირის განვითარების პო;ლიტიკასა და იმაზე, თუ როგორ უნდა დახარჯულიყო ევროკავშირის დახმარება.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს