ევროკავშირიდან სესხებსა და გრანტებს მცირე მეწარმეები ივნისიდან მიიღებენ
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის- DCFTA facility-ის შესახებ ხელშეკრულება მომავალ კვირას გაფორმდება, - ამის შესახებ EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელარუსიაში, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა.
ბალვანერას თქმით, მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი ევროკავშირსა და EBRD-ს შორის დასრულებულია.
ორგანიზაციაში დეტალების გამხელისგან თავს იკავებენ, თუმცა, ცნობილია, რომ DCFTA facility საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვისაა განკუთვნილი და მისი მთლიანი ღირებულება 200 მილიონი ევროა.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის- DCFTA facility-ის ფარგლებში კორპორაციული მართვისა და წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით (მანქანა-დანადგარების შესაძენად) საჭირო სესხებს მეწარმეები ბანკებიდან გამარტივებული პირობებით მიიღებენ. პროგრამაში საკრედიტო ხაზთან ერთად გათვალისწინებულია გრანტების გაცემაც.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული პროგრამა ბიზნესს დაეხმარება, წარმოების პირობები და ინფრასტრუქტურა ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. დახმარება განკუთვნილია როგორც ექსპორტზე ორიენტირებულ, ასევე იმპორტის ჩასანაცვლებლად მომუშავე საწარმოებისთვის.
როგორც EBRD-ს წარმომადგენლობაში eugeorgia.info-ს განუცხადეს, მაისის ბოლოსთვის საერთაშორისო ინსტიტუტი გეგმავს თბილისში დიდი ფორუმის გამართვას, სადაც მოწვეულ ადგილობრივ მეწარმეებს პროგრამის პირობებს გააცნობენ. ივნისში კი განაცხადების მიღება დაიწყება.
ბელა ნოზაძე