აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 5 სადაზღვევო კომპანია ჩაერთო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 5 სადაზღვევო კომპანია: ”ჯიპიაი ჰოლდინგი” , „ალდაგი", „აისი ჯგუფი", „ირაო" და „ქართუ" ჩაერთო.
2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ფერმერებისთვის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამ ეტაპზე სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს.
პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.
სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა 30 000 ლარია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში კი - 50 000 ლარი.
პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (70%-დან 90%-მდე), ფერმერის მხრიდან კი უნდა გაფორმდეს სადაზღვევო პოლისი ამა თუ იმ კომპანიასთან, სადაც დაფიქსირდება მისი ნაკვეთის მდებარეობა და მოსალოდნელი მოსავლის მოცულობა.
„ეს უმნიშვნელოვანესი საპილოტე პროექტია აგროდაზღვევის განვითარებისთვის - ფერმერებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიონ მოსავალი. სტიქიური მოვლენები ერთ-ერთი ყველაზედიდი რისკია აგრობიზნესში. ხშირად ხდება, რომ მოსავალი სრულიად ნადგურდება ამა თუ იმ ბუნებრივი სტიქიის გამო და ფერმერი,ან გლეხი შემოსავლის გარეშერჩება. აგროდაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, რომ ფერმერმა მიიღოს ანაზღაურება, თუკი მოსავალი გაუნადგურდა და მომდევნო წელს კვლავ შეძლოს მოსავლის მოყვანა.
დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩაერთოს ამ პროექტში. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ რისკები და უკეთესი პორტფელი შევქმნათ. ჩვენ აქტიურად ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას საქართველოს რეგიონებში. მნიშვნელოვნად გაიზრდება ასევე რეგიონში დასაქმებული კადრების რაოდენობა - ადგილობრივი კადრების პირველი ნაკადი ჩვენ უკვე მივიღეთ. ახლა მიმდინარეობს ტრენინგისა და გასაუბრების პროცესი,“ - ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.
„ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ ისინი ყველა ნაკვეთს დააზღვევენ და იმ შემთხვევაში, თუ გლეხს ნაკვეთის საკადასტრო რუკა არ ექნება, GPS კოორდინატებს თვითონ კომპანია დაადგენს.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს აგროდაზღვევა შესთავაზა. დღეს კომპანიაში რამდენიმე ასეული ფერმერია დაზღვეული. მხოლოდ 2014 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში ფერმერებს სეტყვით მიყენებული ზარალისთვის 400000 ლარზე მეტი თანხა გადაუხადა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ აგროდაზღვევის პორტფელში შედის ხორბლის, ქერის,სიმინდის, ვაშლის,ატმის, მანდარინის, ვენახის, თხილის ნარგავებისა და კარტოფილის დაზღვევა.
www.eugeorgia.info-სთვის ცნობილია, რომ საპილოტე პროექტის პარალელურად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკმა(KFW) აგროსადაზღვევო გარემოს შესწავლის მიზნით საქართველოს მთავრობას გრანტის სახით 200 ათას ევრო გამოუყო. 3–თვიანი კვლევა სექტემბერში უნდა დასრულდეს. კვლევის შედეგები აგროდაზღვევის კონცეფციის შექმნის საფუძველი გახდება.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაცია საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს გაიცა: 2012 წლის 19 ივლისს ქარბორბალამ და ძლიერმა სეტყვამ თელავის, ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დააზარალა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სოფელში სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სტიქიით დაზარალებული სოფლები კოალიცია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოინახულა და დაზარალებულებს შეპირდა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სტიქიით მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებდა. ამ მიზნით, მან არჩევნებამდე ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა. კომპენსაცია ჯამში 28 500–მა ოჯახმა აიღო.
სხვადასხვა ქვეყნაში არსებული აგროდაზღვევის მოდელები
პოლონეთი
პოლონეთში ძირითადად განვითარებულია აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლის და საქონლის დაზღვევა. პოლონელი ფერმერების მხოლოდ 3% აზღვევს მოსავალს. 2009 წლიდან აგროდაზღვევაში უკვე სახელმწიფო მონაწილეობს და აფინანსებს მოსავლის დაზღვევის 40 %-ს და საქონლის დაზღვევის 50%-ს.
ავსტრია
სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს კი სახელმწიფო. ავსტრიაში დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეულის 80% და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 30%.