ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ინვესტიციები გაიზრდება
ასოცირების შეთანხმება მეზობელი ქვეყნებიდან ინვესტიციებს გაზრდის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია ამბობს, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმება საქართველოში მოიზიდავს ინვესტიციებს იმ სახელმწიფოებიდან, რომლებსაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ.
მარიამ გაბუნია: შეთანხმების ხელმოწერა მიმზიდველი იქნება იმ ქვეყნების ივესტორებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ და ევროპის ბაზრებზე პროდუქტის შეტანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არ შეუძლიათ. ასეთი ქვეყნებიდან ინვესტორები საქართველოში ჩამოვლენ იმისათვის, რომ აქ გარკვეული პროდუქცია აწარმოონ და შემდეგ ის ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გაიტანონ.
აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა - გასატანი პროდუქტის წარმოშობის წესები. იმისთვის, რომ პროდუქტმა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლოს, ის წარმოშობის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კრიტერიუმები ევროკავშირს უფრო მკაცრი აქვს, ვიდრე მაგალითად დსთ-ს ქვეყნებს. დსთ-ს ქვეყნებში პროდუქტის გასატანად გაცილებით უფრო რბილი კრიტერიუმებია დაწესებული – საკითხი არ წყდება იმის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების ღირებულება მთლიან ღირებულებაში რა წილს იკავებს. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს სირთულე და ამ შეთანხმებაში ჩავდეთ თურქეთთან ე.წ „დიაგონალური კუმულაციის" შესაძლებლობა: თურქეთი ევროპის საბაჟო კავშირის წევრია. ამავე დროს ჩვენ გვაქვს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ვიცით, რომ თურქებიც დაინტერესებულები არიან ხელშეკრულების იმ ფორმის გამოყენებით, რომელიც სამივე მხარისთვის მისაღებია. ეს გვაძლევს იმის შანსს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის თურქეთიდან ინვესტიციები უფრო სწრაფად მოვიზიდოთ.
ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კონვენციას (Pan- Euro Mediterranean Cummulation) ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნები არიან მიერთებულები და შესაძლებელია, მასში საქართველოც გაწევრიანდეს. პროცედურულად მიერთების პროცესი ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ უკვე გვქონდა წინასწარი კონსულტაციები როგორც ამ კონვევციის წევრებთან, ისე ევროკომისიასთან.
ეს კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ თუ მისი წევრი ხარ და შემდეგ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც მოაწერ ხელს, ამ კონვენციის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში, ისევე, როგორც თურქეთის შემთხვევაში, „კუმულაციის პრინციპი“ამოქმედდება.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მარტო ქართული ბაზრისათვის აქ დიდი ინვესტორი იშვიათად შემოვა. „დიაგონალური კუმულაციით“ კი ჩვენი სანედლეულო ბაზა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ კონვენციასთან მიერთების შემდეგ, შევძლებთ რომ თურქეთიდან ნედლეული შემოვიტანოთ, გარკვეული სახის პროდუქცია აქ ვაწარმოოთ და შემდეგ ის ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავიტანოთ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ თურქული ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში საგრძნობლად გაიზარდა. ასეთივე იმპულსი ექნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც. ყველაზე რეალურ, ხელშესახებ და სწრაფ ეფექტს სწორედ ინვესტიციების გაზრდაში ვიგრძნობთ პირველ ეტაპზე.
– საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში რა როლი ექნება ამ ინვესტიციას?
მარიამ გაბუნია: ლიბერტარიანული შეხედულებები მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავარია, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს. დღეს ჩვენს ადგილობრივ მეწარმეებს არ აქვთ საკმარისი ფული იმისთვის, რომ დიდი წარმოება გააკეთონ და პროდუქცია ისეთ დიდ ბაზარზე გაიტანონ, როგორიც ევროკავშირია. ამას დიდი კაპიტალდაბანდება სჭირდება. საქართველოში ასეთი ფინანსური რესურსი ჩვენ ნაკლებად გვაქვს. უცხოელი ბიზნესმენების შემოსვლა ქართველი მეწარმეებისთვისაც ძალიან კარგი იქნება. შესაძლებელია, რომ ბევრმა ინვესტორმა უკვე არსებულ წარმოებაში დააბანდოს ფული და იმისთვის, რომ წარმოების სიმძლავრე გაზარდოს, ნოუჰაუ და ახალი ტექნოლოგიები შემოიტანოს. ადგილობრივი მეწარმეებისთის ასეთი პარტნიორობა მდგრადი და სტაბილური მდგომარეობის მისაღწევად შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება. ჩვენთვის მთავარია წარმოება ამოქმედდეს და ხალხი დასაქმდეს. ეს ადგილობრივი კაპიტალით მოხდება თუ უცხოური ფულით, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გაზრდილი ინვესტიციები რასაკვირველია, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეც აისახება.