ოჯახური წარმოების ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაციას კანონი არ ზღუდავს

1 იანვრიდან ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან გადამუშავებასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სავალდებულო აღიარებას დაექვემდებარება. პირველად წარმოებას აღიარება არ მოეთხოვება. ფიზიკურ პირსა თუ მცირე ოჯახურ წარმოებას პროდუქტის რეალიზაცია აღიარების გარეშე შეეძლება.
„აღიარება 12 თვიანი პროცედურაა და კომპანიას, რომელსაც არ ექნება აღიარება, საწარმოო პროცესი 1 იანვრიდან მყისიერად არ შეუჩერდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ადაპტირებული მიდგომა. ვცდილობთ ეს პროცესი არ იყოს მძიმე ტვირთი საწარმოებისთვის. ისინი შეძლებენ ეტაპობრივად გადავიდნენ ახალ მოთხოვნებზე“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.
აღიარების პროცედურა ორ ეტაპად იყოფა. საწარმოს პირველ ეტაპზე მოეთხოვება, რომ შენობის დიზაინიშესაბამისობაში მოიყვანოს, რაც შენობის სურსათის უვნებლობის პრინციპების დაცვით დაგეგმარებას და რეცხვა/დეზინფექციის შესაძლებლობას გულისხმობს. საწარმო ასევე ტექნოლოგიური პროცესისთვის გამოსაყენებელ მანქანა-დანადგარებს უნდა ფლობდეს.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება მეწარმის პირობითი აღიარება. ამის შემდეგ საწარმო ექვემდებარება სრული პროცესის კონტროლს. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ნედლეულიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე ყველაფერს ამოწმებენ. მოერე ეტაპის დამაკმაყოფილებლად დაძლევის შემდეგ საწარმოს საბოლოო აღიარება ეძლევა.
იმისთვის, რომ აღიარება მოიპოვონ ცხოველის სასაკლაოებმა და რძის გადამამაუშავებელმა კომპანიებმა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა უნდა დანერგონ.
„სააგენტო ბიზნესოპერატორების რეგულარულ კონტროლს ახორციელებს. როდესაც ხდება აღიარების პროცედურების დაწყება, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მეწარმეს უწერს რეკომენდაციას, სადაც მითითებულია წარმოების ხარვეზები. მწარმოებელს ეძლევა გონივრული ვადა მოთხოვნების შესასრულებლად. გონივრული ვადა გულისხმობს პერიოდს, რომელიც დასჭირდება მეწარმეს HACCP-ის დასანერგად. ოპტუმალური ვადა საშუალოდ არის 6 თვე. როცა მაკონტროლებელი დარწმუნდება , რომ გონივრული ვადის გასვლის შემდეგ არ არის რეკომენდაცია შესრულებული, მწარმოებელი ჯარიმდება 400 ლარით. ისევ ხდება განმეორებით გონივრული ვადის დათქმა რეკომენდაციის შესასრულებლად, თუ ისიც არ შესრულდება, ჯარიმა სამმაგდება. ამის შემდეგ თუ ბიზნესოპერატორი არ თანამშრომლობს საგენტოსთან, იმას აღიარება არ მიეცემა და ის შეწყვეტს საქმიანობას“, - აცხადებს კახა სოხაძე.
ის კომპანიები, რომლებიც სააგენტოს რეკომენდაციებს სწორად შეასრულებენ და HACCP -ს დანერგავენ , საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO) წესების შესაბამისად GE კოდს და თავის უნიკალურ ნომერს აიღებენ. საწარმოებს პროდუქტის უვნებლობის დასადასტურებლად ამ მონაცემების გამოყენება შეეძლებათ.
ზოგიერთი მეწარმე 1 იანვრიდან ახალ რეგულაციებზე გადასვლის შესახებ ინფორმირებული არ არის:
„მცირე წარმადობის საწარმო გვაქვს. მუშაობა 2012 წელს დავიწყეთ. ახალ საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს არ გავუფრთხილებივართ. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის შესახებ არაფერი მსმენია“, - ამბობს რძის გადამამუშავებელი საწარმო „წიფორა-სამცხე“-ს დირექტორი ამირან კაჭკაჭიშვილი.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქობულეთური“ ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებს მომზადებული ხვდება. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ HACCP-ის დანერგვა არ გაუჭირდებათ: „ჩვენთვის ცნობილია ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც 1 იანვრიდან შევა ძალაში. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. 4 თვის წინ მოგვცეს პირველი რეკომენდაციები და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მარტის ბოლოს HACCP-ი დანერგილი გვექნება. ჩვენ ვემზადებით ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებად, რამდენიმე თანამშრომელი ტრენინგზეც გვყავდა გაშვებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოების ხარჯები ისე უმნიშვნელოდ გაიზრდება, რომ ეს პროდუქციის ხარისხზე ვერ აისახება. მივესალმებით სურსათის წარმოების ევროპული მიდგომების შემოღებას“.
დაბა ჩაქვში არსებული ცხოველების სასაკლაო „ნუსრეთ ჯორჯია“-ს მმართველი მენეჯერი მირიან თავართქილაძე მიიჩნევს, რომ მცირე მეწარმეებს ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო დასჭირდებათ : „ 3 წელია, რაც ბაზარზე ვართ და ჯანსაღი პროდუქტის მიმწოდებლის ნიშა გვიჭირავს. ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებს ჩვენი კომპანია 50 პროცენტით პასუხობს. მზად ვართ, რომ უვნებელი პროდუქტის საწარმოებლად ინვესტიციები განვახორციელოთ. ჩვენთან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არ მოსულან და აღიარების პროცედურების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, თუმცა კანონის ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით ზოგაგად საქმის კურსში ვართ. კარგი იქნება, თუ სააგენტო თანმიმდევრულ პოლიტიკას აიჩევს და ცოტა დროს მოგვცემს ადაპტაციისთვის. ასეთი მიდგომის დროს მცირე წარმადობის საწარმოები არ დაიხურებიან, განვითარების საშუალება მათაც ექნებათ და მომხმარებელს პროდუქცია არ გაუძვირდება“.
ზურაბ მოდებაძე