ქართული თხილი ევროპაში კარგად რომ გაიყიდოს, ექსპორტი უნდა გაიზარდოს
დაბალი ხარისხის, არასტაბილური მიწოდების და ნაკლები ცნობადობის გამო ქართული გაუტეხავი თხილიც და თხილის გულიც ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად ფასობს - თუ გასულ წელს 1 კგ თურქული თხილი ევროპაში 7,2 აშშ დოლარი ღირდა, ქართული თხილის ფასი მხოლოდ 6,5 აშშ დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედის და ევროკავშირის ბაზარზე ერთ–ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, ის ბაზარზე თხილის ფასის განსაზღვრაში არ მონაწილეობს. “კომპანია „ნესტლე“ ქართულ თხილს არ ყიდულობს. ის მიმწოდებლებთან მინიმუმ 1–წლიან კონტრაქტს დებს და 500–დან 1000 ტონამდე საუკეთესო ხარისხის თხილის მიწოდებას ითხოვს. საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელიც „ნესტლეს“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს“, – ამბობს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია.
დავით ბლიაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ცხოვრობს. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული ფულია. ბლიაძეებს კიტრი, პამიდორი და ბადრიჯანი მოჰყავთ. ბოლო რამდენიმე წელია ოჯახი შემოსავალს თხილის პლანტაციიდანაც იღებს: „4 წელია, რაც თხილის მოსავალს ვიღებთ. 300 ძირი თხილი დაახლოებით 1 ჰა–ზე მაქვს დარგული. ყველაზე კარგი მოსავალი გასულ წელს იყო – 1,5 ტონა თხილი დავკრიფეთ. მოსავლის აღების დროს თხილს არასოდეს ვყიდი. მაშინ ყველაზე იაფია. რამდენიმე თვეს ვიცდი და თხილს ზამთარში ვყიდი ხოლმე, როცა ფასი შედარებით მაღალია. შარშან 1 კგ გაუტეხავ თხილში 3 ლარი და 80 თეთრი გადამიხადეს. თხილის ფასი ყოველ წელს განსხვავებულია. დამამზადებლები რამდენს გადაგვიხდიან 1 კგ თხილში, ეს წინასწარ არასოდეს ვიცით“, – ამბობს დავით ბლიაძე.
დავით ბლიაძის მსგავსად თხილი კახეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ბევრმა გლეხმა მოაშენა. ეს ერთ–ერთი მიზეზია იმის, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით თხილის წარმოება 2013 წელს 2000 წელთან შედარებით თითქმის 3,6-ჯერ - 14.6 ათასი ტონიდან 51.8 ათას ტონამდე გაიზარდა. თხილს და კაკალს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში წამყვანი ადგილი უჭირავს. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტზე 166 მლნ 632 ათასი აშშ დოლარის თხილი გავიდა, რაც მთელი ქართული ექსპორტის 5,7 პროცენტია. საქართველოდან თხილი ექსპორტზე ძირითადად ყაზახეთში, გერმანიაში, ერაყში, ჩეხეთში, უკრაინაში, სლოვაკეთსა და ჩინეთში გადის.
ქართული თხილი და ევროკავშირის ბაზარი
ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი (ბაზრის 60%) ევროპის ქვეყნებზე მოდის. ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანას გააქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, აშშ–ს, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას. ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთთან ერთად თხილის ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება. 2009-2012 წლებში ევროკავშირში გაუტეხავი თხილის ექსპორტის მოცულობით საქართველო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე იყო, თხილის გულის ექსპორტიორ ქვეყნებში კი მესამეზე. გამონაკლისი იყო 2011 წელი, როცა საქართველომ ევროკავშირში თხილის გულის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნების ბაზარზე თხილის ერთ–ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, ის ბაზარზე ფასის განსაზღვრაში არ მონაწილეობს. გარდა ამისა, საქართველოდან ევროკავშირში შეტანილი გაუტეხავი თხილიც და თხილის გულიც ყველაზე დაბალ ფასად იყიდება.
კომპანია „ნატექსი“ თხილის ექსპორტზე 2008 წლიდან მუშაობს. „ნატექსს“ ქართული თხილი ძირითადად ჩეხეთში, პოლონეთსა და გერმანიაში გააქვს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვანო ჭინჭარაშვილი www.eugeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარს თხილის ფასს თურქეთი კარნახობს: „მსოფლიო ბაზრის 70 პროცენტზე მეტი თურქეთს უკავია. საქართველოს ნიშა მხოლოდ 6 პროცენტია. ასეთი მონაცემებით, ცხადია, ვერ იქნები თხილის ბაზარზე გლობალური მოთამაშე და ვერც ფასის ფორმირებაზე მოახდენ გავლენას“.
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თხილის კონკურენტუნარიანობას ამცირებენ: „მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს მისი რაოდენობა და ხარისხი განსაზღვრავს. თურქეთი წელიწადში საშუალოდ 600 ათას ტონა თხილს აწარმოებს, საქართველო კი 60 ათას ტონას. თურქეთი მსოფლიო ბაზრისთვის თხილის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და ცხადია, ფასსაც ის განსაზღვრავს. მნიშვნელოვანი გარემოებაა პროდუქციის მიწოდების პირობებიც. თურქული თხილი ევროპას სამი თვის კონსიგნაციით მიეწოდება, რისი შესაძლებლობაც ჩვენ არ გვაქვს. გარდა ამისა, ქართულ თხილს დაბალი ცნობადობა აქვს. თურქეთი ამ ბიზნესში 1980 წლიდან არის ჩაბმული. იქ უკვე კარგად არის განვითარებული ფერმერული მეურნეობებიც და შესანახი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც. თურქ ექსპორტიორებს მსხვილ ევროპულ საკონდიტრო კომპანიებთან და იმპორტიორებთან უკვე კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვთ. თხილის ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე წელია რაც განვითარდა. შეიძლება ითქვას, რომ ის დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებული ახალი ბიზნესია. თურქეთის თხილის ბაზარი სტაბილურია, ქართული ბაზარი კი ჯერ კიდევ სპონტანური. თურქეთში ბევრია მსხვილი ფერმერული პლანტაციები. იქ თხილის ნარგავებს კარგად უვლიან. საქართველოში მსხვილი ფერმერეული მეურნეობა ძალიან ცოტაა. გლეხებს კი არ აქვთ იმის ფინანსური საშუალება და ცოდნა, რომ თხილის ნარგავებს კარგად მოუარონ. გლეხი კარგად არ აშრობს თხილს. ჰგონია, რომ გამოუმშრალ, „მძიმე“ თხილს მეტი წონის გამო უფრო ძვირად გაყიდის. ასეთი თხილისგან შემდეგ უკვე კარგი პროდუქტის მიღება შეუძლებელია“, – ამბობს ალექსანდრე მოწერელია.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ქართველ ექსპორტიორებს ევროპული კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის თხილის გარანტირებული მიწოდება არ შეუძლიათ: „ჩვენ არ შეგვიძლია მსხვილი საკონდიტრო კომპანიებისთვის სტაბილურად კარგი ხარისხის თხილის გარანტირებული მოცულობების გარანტირებული მიწოდება. მაგალითად, კომპანია „ნესტლე“ ქართულ თხილს არ ყიდულობს. ის მიმწოდებლებთან მინიმუმ 1–წლიან კონტრაქტს დებს და 500–დან 1000 ტონამდე საუკეთესო ხარისხის თხილის მიწოდებას ითხოვს. საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელიც „ნესტლეს“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს“, – აცხადებს მოწერელია.
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირი ქართული თხილისთვის პერსპექტიული ბაზარია: „ევროკავშირი ამ შემთხვევაში ჩვენი მოკავშირეა. ევროპას აღარ უნდა, რომ თურქულ მონოპოლიაზე იყოს დამოკიდებული. მათ თხილის მიწოდების ალტერნატიული და შედარებით იაფი წყარო სჭირდებათ. ქართულ თხილს აქვს შესაძლებლობა, რომ თურქული თხილი ჩაანაცვლოს“. თურქულმა თხილმა მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეიძლება წელსვე დათმოს – წელს თურქეთში უამინდობის გამო თხილის პლანტაციების დიდი ნაწილი მოიყინა, რის გამოც თურქი პლანტატორები დაბალ მოსავალს ელიან.
ევროპის ბაზარზე ქართული თხილის პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ხუან ეჩანოვეც. „საქართველოს აქვს შანსი, რომ ე.წ სპეციფიური ნიშები აითვისოს. ჩვენ არ უნდა ვიოცნებოთ იმაზე, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირში არსებულ ყველა დახლს თავისი პროდუქტით შეავსებს. ხილის და ბოსტნეულის გაყიდვა თუ გვინდა, უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში ამ პროდუქტების დიდ მოცულობები უნდა არსებობდეს. საქართველოს კი ამხელა მოცულობების წარმოება არ შეუძლია. სულ სხვა თემაა თხილი. თუ თქვენ თხილის საექსპორტო მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდით, საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების დიდი შესაძლებლობა ექნება. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში თხილის მოხმარება ყველგან იზრდება. საქართველო კი თურქეთის შემდეგ თხილის ნომერ მეორე მწარმოებელია. ამდენად, ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გაქვთ“. ხუან ეჩანოვე გამოსავალს ფერმერული გაერთიანებების შექმნაში ხედავს. ის ამბობს, რომ მსხვილი ფერმერული გაერთიანების შემთხვევაში ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება და მოსავლის მოცულობაც და ხარისხიც.
თუმცა, ქართულ თხილის ექსპორტიორებს წინ კიდევ ახალი გამოწვევა ელოდებათ. იმის გამო, რომ ევროპაში წარმოების ხარჯები სულ უფრო იზრდება, გასული სამი წლის განმვლობაში ევროკავშირში თხილის გულზე მოთხოვნა შემცირდა – ევროპულ კომპანიებს ურჩევიათ, რომ თხილის გულის ყიდვის და შემდეგ მისი გადამუშავების სანაცვლოდ პირდაპირ თხილის მზა პროდუქტები (მოხალული, კანგაცლილი თხილი, დაქუცმაცებული თხილი, ნედლი და მოხალული თხილის ფქვილი და თხილის პასტა) შეიძინონ. იმისთვის, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროპაში თხილის პროდუქტი გაიტანონ, მათ ბევრად უფრო მკაცრი სერტიფიცირების და ლაბორატორული შემოწმების სისტემა უნდა გაიარონ. საქართველოში კი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია ჯერჯერობით არ არსებობს.