ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების ტენდერებში მონაწილეობის უფლება აქვთ
საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების პლატფორმას (https://opentender.eu) შეუერთდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საჯარო შესყიდვების სფეროში ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ კი ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი საქართველოსთვის ნაწილობრივ გაიხსნა.
ქართულ კომპანიებს ჯერ მხოლოდ ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების მიერ განხორციელებულ ტენდერებში მონაწილეობა შეუძლიათ. მომდევნო ფაზებში უკვე ეტაპობრივად მოხდება ბაზრის გახსნა ქვე-ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებშიც.
საქართველოს დაშვება ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დადებითი შეფასების შემდეგ გახდა შესაძლებელი: „ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელიც 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რამდენჯერმე ეწვია, მომზადებულ დასკვნებში ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასა ვალდებულებების ფარგლებში სააგენტოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულება, რაც საფუძვლად დაედო პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ www.georgia.info-სთვის გამოგზავნილ წერილობით განცხადებაში.
ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების პლატფორმა (https://opentender.eu) დაინტერესებულ კომპანიებს საშუალებას აძლევს მოძებნონ და გაანალიზონ შესყიდვების მონაცემები 35 იურისდიქციაში. ევროკავშირის 28 ქვეყნის გარდა პლატფორმას მიერთებულია ევროკავშირის ინსტიტუტები, ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, სერბეთი, საქართველო და სომხეთი.
Opentender ვებ-პლატფორმა EU Horizon 2020-ის მიერ დაფინანსებული პროექტის DIGIWHIST-ის (The Digital Whistleblower) ნაწილია, რომელიც ექვს ევროპულ კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს. ამ ინსტიტუტების მიზანია სამოქალაქო საზოგადოება საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად გააძლიერონ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სამოქმედო გეგმა სულ ხუთი ფაზისგან შედგება და 2015-2022 წლებს მოიცავს.
I ფაზა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ვალდებულება იყო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების შემუშავება. გასულ წელს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. სააგენტოს თანამშრომლები კი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ. ამას გარდა, გადამზადების კურსები თავად შემსყიდველი ორაგანიზაციების წამომადგენლებმაც გაიარეს. პირველი ეტაპის ფარგლებში შეიქმნა:
სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა კითხვარის სახით.
ახალი სისტემური შეტყობინებები, რომლებიც მიმწოდებლებს სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმაში განხორციელებული ცვლილებებისას და დოკუმენტის ატვირთვისას ეგზავნებათ.
ახალი გამოკითხვის ფორმები კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში.
საინფორმაციო SMS-ების გაგზავნის კონტროლის მექანიზმი.
ევროკავშირის შესყდვების ბაზარზე სრული დაშვების მოსაპოვებლად საქართველოს გასავლელი აქვს კიდევ ოთხი ფაზა:
II ფაზა - 5 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2019)- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
III ფაზა - 6 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2020 წელს) - სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
IV ფაზა - 7 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2021) - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები;
V ფაზა - 8 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2022 წელს)- სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები.
Opentender-ზე დაშვების მოპოვების შემდეგ უკვე ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების ასევე დამატებით ევროკავშირის ინსტიტუტების, ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, სერბეთისა და სომხეთის სახელმწიფო ტენდერების მოგების და კონტრაქტების მოპოვების რეალური შანსები გაუჩნდათ.
ზურაბ მოდებაძე