წელს 80 ათასმა ფერმერმა აგრო ბარათით არ ისარგებლა აგრო ბარათებს ფერმერებს მომავალ წელსაც შეთავაზებენ
„აგრო ბარათით მთლიანობაში 700 ათასმა ბენეფიციარმა ისარგებლა, ეს არის 51,5 მილიონის ტრანზაქცია დღეისათვის. 80 ათასმა ფერმერმა ბარათი საერთოდ არ აიღო. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, ვერ გეტყვით. ჩვენ მედიის ყველა საშუალებითა და თვითმართველობების დახმარებით ვეცადეთ ფერმერებამდე ინფორმაცია მიგვეტანა“, - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის“ პროექტის ხელმძღვანელი დავით კიკნაძე. სოფლის მეურნეობის ინიციატივით იმ ფერმერებს, რომლებიც 0-დან 1,25 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდნენ „ლიბერთი ბანკში“ აგრო ბარათების აღება შეეძლოთ. პლასტიკურ ბარათზე დარიცხულ იყო 50 ქულა, რომელიც 50 ლარს შეესაბამებოდა. ფერმერებს აგრო ბარათები მოხვნის ბარათებთან ერთად გადაეცემოდათ. ყამირი მიწების დამუშავება ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ ასეთი მიწების მფლობელ გლეხებს აგრო ბარათზე 50 ქულასთან ერთად 140 ლარის ეკვივალენტი ქულაც ერიცხებოდათ, იმისთვის, რომ აღნიშნული ბარათები სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, სათესლე მასალის, სასუქების თუ შხამ-ქიმიკატების შესაძენად გამოეყენებინათ.
სოფლის მეორნების სამინისტრომ მცირე მიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში აგრო ბარათების დარიგება თებერვალში დაიწყო, პროექტი პირველ სექტემბერს დასრულდა. ამ დროს ბარათზე არსებული ქულები განულდა, რადგან წინასწარ განსაზღვრული აგრო ვადა გავიდა. იმ ფერმერებს, რომლებმაც აგრო ბარათების აღება ვერ მოასწრეს, აგრო ვადის გასვლისა და ქულების განულების შემდეგაც „ლიბერთი ბანკიდან“ მათი კუთვნილი ბარათის გამოტანა ჯერ კიდევ შეუძლიათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ შემდეგი სეზონის სხვა პროექტის ფარგლებში მცირემიწიან ფერმერებს ქულები სწორედ ამ ბარათებზე დაერიცხებათ. „როგორც ვიცი, 2015 წელსაც იქნება ანალოგიური პროექტი , რომელიც მცირემიწიან ფერმერებს დაეხმარება. აგრო ბარათს 10 წელი აქვს გამოყენების ვადა, ფერმერებს შეუძლიათ ამ ბარათით სხვადასხვა საფინანსო ოპერაციები ჩაატარონ. სამინისტროს სხვა პროექტი რომ ექნება, ამ ბარათზე მოხდება ქულების დარიცხვა და ფერმერს ბანკში მისვლა და ბარათის თავიდან აღება აღარ დაჭირდება“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკონტრაქტებული ჰყავდა 555 ინდმეწარმე და შპს, რომლებსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 902 მაღაზია ჰქონდათ. აგრო ბარათის მლობელებს შეეძლოთ ამ მაღაზიებიდან თავიანთი ქულების შესაბამისი სათესლე მასალა, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალეები შეეძინათ. გასული წლისგან განსხვავებით, ფერმერებს მიმდინარე წელს სასოფლო სამეურნეო ინვენტარზე თავიანთი ქულების გადაცვლის სასშუალება არ ჰქონდათ. ფერმერების ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას სამინისტრო აკონტროლებდა. „როგორც შარშან ისე წელს ვატარებდით მაღაზიების მონიტორინგს, 555 მეწარმესთან გავაფორმეთ ხელშეკრულება143 დარღვევა გამოვლინდა და საჯარიმო სანქციები დეკისრათ კონტრაქტორებს. 4 პირს შევუწყვიტეთ ხელშეკრულება და თერთმეტი მაღაზიის წერტილი გავთიშეთ პროექტიდან, რადგან დარღვევები ჰქონდათ“, - ამბობს დავით კიკნაძე. აგრო ბარათებით ფერმერებმა პროცენტულად უფრო მეტი სასუქები და შხამქიმიკატები შეიძინეს, ვიდრე სათესლე მასალა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, შარშანდელ ვაუჩერთან შედარებით, პლასტიკური აგრო ბარათი ფერმერებისთვის გაცილებით მოსახერხებელია. თუ ვაუჩერით მათ მხოლოდ ერთ მაღაზიაში შეეძლოთ ერთდროულად პროდუქციის შეძენა, აგრო ბარათი გლეხებს სხვადასხვა მაღაზიიდან პროდუქციის ნაწილ-ნაწილ მათი საჭიროების შესაბამისად გატანის საშუალება აძლევს. ზურა მოდებაძე