იტალიელ და ჰოლანდიელ დისტრიბუტორებს ევროპაში ქართული ჟოლოს გატანა უნდათ
ქართული ჟოლოთი, რომელსაც კოოპერატივი „გეა“ აწარმოებს, იტალიელები და ჰოლანდიელები დაინტერესდნენ. კოოპერატივის დირექტორმა ნიკოლოზ ტატიშვილმა პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება იტალიაში მცხოვრები ნაცნობი ქართველი ემიგრანტის დახმარებით შეძლო.
როგორც EUGeorgia.info-სთან საუბარში ყვება, ევროპული სადისტრიბუციო კომპანიები იმდენად აღფრთოვანდნენ „გეა“-ს ჟოლოს გემოვნური თვისებებით, რომ მზად არიან ტონობით პროდუქტი დღესვე შეიძინონ. როგორც ტატიშვილი განმარტავს, პრობლემა იმაშია, რომ კოოპერატივს მოთხოვნილი ოდენობის - 50 ტონის მიწოდება არ შეუძლია, რადგან ამ ეტაპზე წელიწადში მხოლოდ 10-12 ტონა ჟოლოს აწარმოებს.
„საქართველოში ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს ჩვენი პროდუქტი და ძალიან მოეწონათ ხარისხიც და გემოც, მაგრამ მათ დიდი რაოდენობა სურთ, რაც ჯერჯერობით არ გვაქვს. ევროპელების მოთხოვნაა, რომ მინიმუმ 50 ტონა მარაგი გვქონდეს იმისთვის, რომ უღირდეთ პროდუქციის ევროპაში გატანა. მარტო ერთი კომპანიისთვის 50 ტონის უზრუნველყოფა რთულია“, - ყვება ნიკოლოზ ტატიშვილი.
მისი თქმით, საქართველოში მუშაობს ჟოლოს რამდენიმე კოოპერატივი, რომელიც მსგავს პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ მათთან გაერთიანებითაც კი, მოთხოვნილი რაოდენობის დაკმაყოფილება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კოოპერატივების მართვის სააგენტო მოგვიწოდებენ, რათა ერთგვაროვანი პროდუქცია ვაწარმოოთ, თუმცა მხოლოდ წარმოება საკმარისი არ არის. ევროპელებს სურთ, რომ ერთნაირი ჯიშის ჟოლო მივაწოდოთ, ანუ პროდუქცია ერთგვაროვანი იყოს. თუ ერთგვაროვანი პროდუქცია არ იქნება და თუნდაც ნაყოფის ზომა განსხვავებული იქნება, ისინი ამ პროდუქციას ვერ მიიღებენ. ჯერჯერობით, ეს შემაფერხებელი ფაქტორია“, - ამბობს ტატიშვილი.
კოოპერატივი „გეა“ 2015 წელს, ENPARD-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პროგრამის დაფინანსებით მეურნეობა გააფართოვა და წვეთოვანი სარწყავი სისტემა დაამონტაჟა. ამჟამად 3 ჰა პლანტაციები აქვს გორის რაიონის სოფლებში, უფლისციხესა და ხელთუბანში. წარმოების გაზრდის მიზნით, კოოპერატივმა წელს დამატებით 1 ჰექტარის მიწის ფართობი სოფელ ხელთუბანში შეიძინა და ბაღის გაშენებისთვის საჭირო თანხის მოსაზიდად, განაცხადის შეტანას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში გეგმავს.
„კოოპერატივების განვითარების სააგენტოში ხშირად იმართება შეხვედრები. გვაქვს ურთიერთობა ჟოლოს მწარმოებელ კოოპერატივებთან. შევთავაზეთ თანამშრომლობაც და ჩვენი ხელშეწყობით სურთ ჩვენნაირი ნერგების შეძენა. საუბარია კასპის, თეთრიწყაროს და კახეთის რაიონში მდებარე კოოპერატივებზე. ყველას ვურჩევ, რომ დარგონ ის ჯიშები, რაც ჩვენ გვაქვს. ეს საუკეთესო, ელიტური ჯიშებია - „პატრიცია“, „ევრაზია“ და „ბრუსვიანა“, რომელიც უკრაინიდან შემოვიტანეთ“, - ამბობს ტატიშვილი.
გაფართოების გარდა, კოოპერატივი „გეა“ წელს პროდუქციის შემნახველი მეურნეობის შეძენასაც გეგმავს. სახელმწიფოპროგრამა „მიკროდამცირემეწარმეობისგანვითარების“ დახმარებით შეძენილი აქვსშოკურიგაყინვისმაცივარი.
„დღეში 1 ტონა პროდუქციის გადამუშავება შეგვიძლია. ჩვენთვის ეს ჯერჯერობით საკმარისია, მაგრამ დამატებით შესანახი მაცივრები გვჭირდება და ამ მიზნით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ვინაიდან კოოპერატივში ახალგაზრდები გვყავს, ვაპირებთ პროექტის შეტანას ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამაში და იმედი გვაქვს, რომ დაფინანსებას მოვიპოვებთ“, - ამბობს ტატიშვილი.
ის იმედოვნებს, რომ წარმოების გაფართოებით და სხვა კოოპერატივებთან თანამშრომლობით, ევროპელი დისტრიბუტორებისთვის 50 ტონა ჟოლოს მიწოდებას უკვე მომავალ წელს შეძლებს.
„როცა მზად ვიქნებით მოთხოვნილი რაოდენობა ვუზრუნველყოთ, ისინი კიდევ ერთხელ ჩამოვლენ საქართველოში, ჩამოიტანენ ნიმუშებს, როგორ ტარაში და რა ეტიკეტირებით უნდა შეიფუთოს ჩვენი ჟოლო. გაფორმდება კონტრაქტი და შემდეგ, მოხდება ჟოლოს გატანა ევროკავშირის ბაზარზე“, - ამბობს ტატიშვილი.
მისი ინფორმაციით, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, ევროპული სადისტრიბუციო კომპანიები ტრანსპორტირების ხარჯებს თავად დაფარავენ და ქართულ ჟოლოს ევროპის ქვეყნებში სახმელეთო გზით გაიტანენ.